საქართველოში თურქეთის ელჩის, მუსტაფა თურქერ არის განმარტება
საქართველოში თურქეთის ელჩმა, მუსტაფა თურქერ არიმ საქართველოს პირველ არხს მომართა წერილით, გამოქვეყნებულიყო მისი განმარტება 2026 წლის 27 ოქტომბერს უცხოურ მედიაზე დაყრდნობით მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით – „მედია – ევროკავშირისა და კვიპროსის კრიტიკის მიუხედავად, თურქეთმა ოკუპირებულ ჩრდილოეთ კვიპროსში გაზსადენის გასაყვანად ზღვის ფსკერის კვლევების შესახებ შეტყობინება გამოაქვეყნა“.
როგორც ელჩი წერილში აღნიშნავს, „მიუხედავად იმისა, რომ სტატია კვიპროსის ბერძნული მხარის პრესაზე დაყრდნობით მომზადდა, სურს ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული განმარტებები გააკეთოს“.
ელჩი მიიჩნევს, რომ მასალა „შეიცავს თურქეთის შესახებ მცდარ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას, რაც ფრიად სამწუხაროა“.
„კვიპროსის რესპუბლიკა 1960 წელს ციურიხისა და ლონდონის ხელშეკრულებების საფუძველზე შეიქმნა, რომლებიც გაფორმდა კვიპროსელ თურქებს, კვიპროსელ ბერძნებს და ასევე, გარანტორ სახელმწიფოებს – თურქეთს, საბერძნეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის.
კუნძულის გაყოფა 1963 წელს დაიწყო, როდესაც კვიპროსელმა ბერძნებმა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების დარღვევით, კვიპროსელი თურქები გამიჯნეს სახელმწიფო უწყებებში და ინსტიტუტებში თანამშრომლობიდან და ასევე, გააძევეს ისინი საკუთარი სახლებიდან. 1963-დან 1974 წლამდე კვიპროსელი ბერძნები კვიპროსელი თურქების წინააღმდეგ შეიარაღებულ ეთნიკურ წმენდას ახორციელებდნენ, რის შედეგადაც თურქები დახოცეს საკუთარ სახლებში და აიძულეს ისინი, ეცხოვრათ ანკლავებში, კვიპროსელი ბერძნების სამხედრო ალყის პირობებში.
1960 წლის (ციურიხის) გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, თურქეთი 1974 წელს იძულებული გახდა, ჩარეულიყო პროცესებში, რათა დაეცვა მშვიდობიანი მოსახლეობის, უდანაშაულო ბავშვებისა და ოჯახების სიცოცხლე. მას შემდეგ, კუნძულზე თურქეთის ყოფნა უზრუნველყოფს, რომ არ განმეორდეს წარსული ტრაგედიები და იცავს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (TRNC) მოსახლეობის არსებობის უფლებას“, – ნათქვამია საქართველოში თურქეთის ელჩის, მუსტაფა თურქერ არის წერილში.