საქართველოში თურქეთის ელჩი - საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღებულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მივაწვდით ჩვენს დედაქალაქს
საქართველოში თურქეთის ელჩი - საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღებულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მივაწვდით ჩვენს დედაქალაქს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღევანდელ შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მივაწვდით ჩვენს დედაქალაქს, – ამის შესახებ საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა.

მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს განცხადებას, მაგრამ მე რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ჩვენ მოვინიშნეთ ყველაფერი, რაზეც იყო საუბარი შეხვედრაზე და ინფორმაციას დაუყოვნებლივ მივაწვდით ჩვენს დედაქალაქს“, – აღნიშნა ელჩმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც დიპლომატებს ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე, ასევე ერგნეთის დღევანდელი შეხვედრის შესახებაც მიეწოდა ინფორმაცია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

აღნიშნული საკითხი დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე უნდა განეხილათ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძის განცხადებით, ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაშალეს.