საქართველოში თურქეთის ელჩ​ი - FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართულ უწყებებთან
საქართველოში თურქეთის ელჩ​ი - FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართულ უწყებებთან

FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართულ უწყებებთან, – ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფოს საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა განუცხადა. ელჩმა ანკარაში გამართულ მე-10 ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც სააგენტოს კითხვებს უპასუხა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების, საინვესტიციო პოტენციალის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ. ამასთან, ინტერვიუს გარკვეული ნაწილი ფეთჰულაჰ გიულენის თემის გარშემო საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს უკავშირდება.

ინტერვიუს თარგმანი საქართველოში თურქეთის საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“ გუშინ განთავსდა. ინტერვიუ კი, სააგენტო „ანადოლუმ” 16 აგვისტოს გაავრცელა. 

„FETÖ-ს (ფეთულაჰის მოხრეთა ტერორისტული ორგანიზაცია) წევრებს კვლავ აქვთ სურვილი თურქეთთან დაკავშირებული ოპერაციები საქართველოდან განახორციელონ. ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს. საქართველოში არსებულ FETÖ-ს ​სტრუქტურას შეუწყდა დაფინანსება, მაგრამ ამ ორგანიზაციის წევრებს კვლავ აქვთ სურვილი, რომ თურქეთთან დაკავშირებული ოპერაციები საქართველოდან განახორციელონ, ხოლო ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ორი მეზობელი და მოძმე ქვეყანა, თურქეთი და საქართველო წარმოადგენს ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდს კასპიისა და შავი ზღვის აუზებისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მისივე თქმით, საზღვარგარეთიდან მხარდაჭერილი, საქართველოში არსებული გარკვეული ჯგუფები, თავიანთი ულტრანაციონალისტური მოწოდებებით ცდილობენ ამ ურთიერთობების საბოტაჟს.

„თურქეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, მხოლოდ პირადობით გადაკვეთონ საზღვარი და საქართველოში იცხოვრონ ერთ წლამდე ვადით. ამ მდგომარეობით ბოროტად სარგებლობენ როგორც ის პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს თურქეთში, ასევე, გაიძვერა და მოღალატე FETÖ-ს სტრუქტურებიც.

FETÖ საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და მცდარი აზრის ჩამოყალიბების გზით მიზანმიმართულად უშლის ხელს ურთიერთობების განვითარებას“, – აცხადებს ელჩი.

ამასთან, ელჩმა განაცხადა, რომ კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული პირები ლახავენ თურქეთის იმიჯს და ამდენად, თურქეთმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს იმ პირების მიმართ, რომლებიც ემუქრებიან მტკიცე ორმხრივ ურთიერთობებს.

„სამწუხაროდ, FETÖ-ს საკითხზე საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ჩვენი მოლოდინები ჯერ არ შესრულებულა და ვისურვებდით, რომ ამ საკითხზე გადაიდგას სერიოზული ნაბიჯი“, – აცხადებს ელჩი.

ამასთან, „ანადოლუს“ მასალის თანახმად, ელჩი იაზგანი მიიჩნევს, რომ „ურთიერთობები ერთი და იგივე ინტენსივობით არ ვითარდება ყველა სფეროში. მაგალითად, საქართველოში მარიფის ფონდის სკოლის გახსნის პროცესიც არ მიმდინარეობს სასურველი ტემპით“.

ელჩმა განაცხადა, რომ განსაკუთრებით FETÖ-ს საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში უფრო სწრაფი რეაგირების მიზნით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს უწყებებთან და ამ კუთხით ადგილობრივ სტრუქტურებთან ჩამოყალიბებულ ინტენსიურ კავშირებს შეეხო. ელჩის თქმით, აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ აქვს უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

„ჩვენ შევწყვიტეთ თურქეთთან დაკავშირებული ფინანსური წყარო. ამჟამად საიდან იღებენ ფულს? FETÖ-ს წევრებს კვლავ აქვთ სურვილი თურქეთთან დაკავშირებული ოპერაციები საქართველოდან განახორციელონ. ჩვენ ვცდილობთ, პასუხი გავცეთ ამ კითხვას და ამ მიმართულებით, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში.

დატოვე კომენტარი