საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა ივნისში 18 პროცენტით გაიზარდა
საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა ივნისში 18 პროცენტით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-ივნისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 2 127 142 შეადგინა, რაც 193 368-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, მატება 10 პროცენტს შეადგენს.

6 თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 3 862 444 ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 8.4 პროცენტია.

აღნიშნული ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

რაც შეეხება 2019 წლის ივნისის თვეს, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობაა 471 979, რაც 71 990-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე – ზრდა 18 პროცენტი.

ივნისში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა კი, 873 966-ზე დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 20.2 პროცენტით აღემატება.

სტატისტიკური მონაცემებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ავსტრია  – 71 პროცენტიანი ზრდა, გერმანია  – 67.7 პროცენტი, გაერთიანებული სამეფო  – 34.9 პროცენტი, ლატვია – 30.2 პროცენტი ზრდა, ნიდერლანდები – 25.7 პროცენტი და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი 127.7 პროცენტით, იორდანია – 91.4 პროცენტით, ყაზახეთი – 78.4 პროცენტით, ჩინეთი – 52.9 პროცენტით, კორეა  – 48 პროცენტით, თურქეთი – 45.8 პროცენტით და სხვა.

ამასთან, ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან (30.8 პროცენტით მეტი), თურქეთიდან (45.8 პროცენტით მეტი), აზერბაიჯანიდან (8.8 პროცენტით მეტი) და სომხეთიდან (9.7 პროცენტით მეტი) განხორციელდა.

წინასწარი ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან  შემოსავალი 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის მაისის მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 281 მილიონ დოლარს, რაც 35 მილიონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2019 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 578 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე.

ამასთან, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 7.1 პროცენტია.