საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები შემცირდა და 100 000 მოსახლეზე 70-75-ის ფარგლებშია
საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები შემცირდა და 100 000 მოსახლეზე 70-75-ის ფარგლებშია

საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და 100 000 მოსახლეზე საშუალოდ, 70-75-ის ფარგლებში ფიქსირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორის ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, 90-იან წლებში საქართველოში 100 000 მოსახლეზე ტუბერკულოზის დაახლოებით 160-170 შემთხვევა ფიქსირდებოდა. შესაბამისად, დღეის მონაცემებით, მნიშვნელოვანი კლებაა.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ყველა პაციენტს ეძლევა მკურნალობის საშუალება, როგორც პირველი რიგის დაავადების, ასევე მეორე რიგის შემთხვევაში.

„შიდსთან მიმართებაში კი, დაბალი პრევალენტობის ქვეყანა ვართ. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 8 000-მდე შემთხვევა, მაგრამ ე.წ. სავარაუდო რიცხვი დაახლოებით 10 000 -10 500 ადამიანია. აქედან 3 000-4 000 არ არის გამოვლენილი და სწორედ მათზეა კონცენტრირება. ანტირეტროვირუსულ მკურნალობას დაახლოებით 4 500 მოქალაქე გადის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისში მიმდინარე ფორუმის ორგანიზატორია აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს.

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს ერთიან მაკოორდინირებელ ორგანოს, რომლის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში სახელმწიფოს, გლობალური ფონდის და სხვა დონორების დახმარებით მიმდინარე აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინირება სახელმწიფო დონეზე.

ფორუმის მიზანია აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების მიმოხილვა.