ამსტერდამი-თბილისის რეისი დღეს შესრულდება და ქვეყანაში 184 მოქალაქე დაბრუნდება
ამსტერდამი-თბილისის რეისი დღეს შესრულდება და ქვეყანაში 184 მოქალაქე დაბრუნდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროცესი ეტაპობრივად გრძელდება და დღეს ამსტერდამი-თბილისის რეისი შესრულდება.

მათივე ინფორმაციით, სამშობლოში 184 მოქალაქე დაბრუნდება.

„დღეს, 14 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული რეისით სამშობლოს დაუბრუნდება საქართველოს 184 მოქალაქე, მათ შორის ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან, ბელგიიდან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, იაპონიიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, მალტიდან, ტაილანდიდან და ნორვეგიიდან. მგზავრთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები“  ,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, მგზავრთა განლაგება ბორტზე ჭადრაკისებური პრინციპით მოხდება.

„ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით და ბორტზე ვიცავთ ჭადრაკისებრ განთავსების პრინციპს. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც გვყავს ბევრი ტრანზიტული მგზავრი, ასეთი არის 14 აპრილის ამსტერდამის რეისი. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ ამსტერდამის რეისის ბორტი სრულად შეივსოს და მოქალაქეებს ჰქონდეთ თვითმფრინავის სრული შემადგენლობით სარგებლობის შესაძლებლობა“,  – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ მოქალაქეები ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან და ლარნაკადან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 5,238 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 5,866 მოქალაქე.

„COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით საკოორიდნაციო საბჭოს დავალებით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ახორციელებს, საბჭოსვე მითითებით ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო. ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს“ ,-  აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.