საქართველოში შვედეთის ელჩი - ვწუხვარ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო
საქართველოში შვედეთის ელჩი - ვწუხვარ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო

საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახებს უსამძიმრებს.

„ძალიან ვწუხვარ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო. ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან ვარ. იმედი მაქვს, რომ დაშავებულები გამოჯანმრთელდებიან და გამძლეობას ვუსურვებ მამაც მაშველებს მათ მიმდინარე საქმიანობაში“, – წერს საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებიდან შვიდი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ექიმების შეფასებით, არის მძიმე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში 11 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.