საქართველოში შშმ პირების გამყოლი ძაღლის სერვისი დაინერგება
საქართველოში შშმ პირების გამყოლი ძაღლის სერვისი დაინერგება

საქართველოში შშმ პირების გამყოლი ძაღლის სერვისი დაინერგება.

პროექტი „ოთხფეხა თერაპევტი“ ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

საწყის ეტაპზე ძაღლების მწვრთნელთა გადამზადება მოხდება. სპეციალურად ამ მიზნით, საქართველოში ჰონგ-კონგიდან ჩამოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციის „გიდი ძაღლების საერთაშორისო ფედერაციის“ ერთ-ერთი სპეციალისტი ჯულიანა მატესი.

საპილოტე რეჟიმში სპეციალურად შეძენილი ორი ლაბრადორ-რეტრივერი იწვრთნება.

პროექტის მიმდინარეობას დღეს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი პირადად გაეცნო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაცია. ვცდილობთ, ამ დარგში საქართველოს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. უსინათლოთათვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად გადაადგილება. გზამკვლევი ძაღლები კი, იქნებიან მათი გამცილებელი ქალაქში, ტრანსპორტში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ძაღლები კეთილგანწყობილი არიან შშმ პირების მიმართ. დოგოთერაპია პოლონეთში ძალიან აქტუალურია და იმედია, მალე ის საქართველოშიც დაინერგება“, – განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა, სტანისლავ კარჩევსკიმ.