საქართველოში შარშან საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.9 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა
საქართველოში შარშან საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.9 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა

საქართველოს ტერიტორიაზე გასულ წელს საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.9 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 17.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ უცხოელ ვიზიტორთა 2017 წლის სტატისტიკაშია ნათქვამი, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

ღონისძიებაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მონაწილეობდნენ.

ამავე კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოში შემოსული არარეზიდენტი მოგზაურების 44.7 პროცენტი 31-50  წლის ასაკის პირები იყვნენ.

საერთო რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 6.5 მილიონია, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.2 პროცენტით არის გაზრდილი.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა – 2.4 მილიონი, მესამე კვარტალში დაფიქსირდა.

სტატისტიკის თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ  4.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 23.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ასევე, სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების 63.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 30.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

როგორც სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, 2017 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 967.6 ათასი ვიზიტორი, აზერბაიჯანიდან დაფიქსირდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.9 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 22.5 პროცენტიან ზრდას 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (20.1პროცენტი) აგრეთვე აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი – 37.7 პროცენტი  დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.

ვიზიტორების უმრავლესობა – 46.1 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას.

ამასთან, ვიზიტების უმრავლესობა  თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელდა, შესაბამისად, 3.1 მილიონი და 1.9 მილიონი ვიზიტი.

განხორციელებული ვიზიტების 75 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2017 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული წლიური ხარჯები 5.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 31.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 9.4 პროცენტით გაიზარდა და 888.7 ლარი შეადგინა.