საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა [ფოტო/ვიდეო]

მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა დღეიდან განახლდა. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის, მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანისთვის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.

მგზავრები გადიან თერმოსკრინინგს, მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი, ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით. ამასთან, მატარებელში მოქალაქეები არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე, მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას თქმით, მგზავრობა შესაძლებელი იქნება ხუთი მიმართულებით – თბილისი-ბათუმი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ქუთაისი. მისივე განცხადებით, აღდგა მხოლოდ დღის ჩქაროსნული მატარებელი.

„საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მოუწოდებს, შეეცადონ მატარებლის ბილეთები ონლაინ შეისყიდონ, რათა მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, ასევე მაქსიმალურად დაიცვან წესები“,- განაცხადა ცაგურიამ.

პირველი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით 08:00 საათზე შესრულდა. რეისზე 300-მდე მგზავრი გამოცხადდა.