საქართველოში სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება იწყება
საქართველოში სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება იწყება

ქართულ-ბელარუსული კომპანიების თანამშრომლობით, საქართველოში პირველად, ლიფტების წარმოება დაიწყება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო და სატვირთო ლიფტები თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის „ანალიზ-ხელსაწყოს“ ბაზაზე აეწყობა.

ახალი საწარმო პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, მიხაილ რუსიმ დაათვალიერეს, რომელიც საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ლიფტების საწარმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია „მოგილევ ლიფტმაშისა“ და კომპანია SIS-ის ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა. საწყის ეტაპზე, საწარმოს თვეში 40-60 ლიფტის დამზადება შეეძლება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივ საწარმოში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობა, რაც სამეცნიერო პოტენციალისა და, ამასთან, პროფესიული განათლების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

„ჩვენ ვსაუბრობთ კომპლექსურ განვითარებაზე, რაც არ არის მხოლოდ ლიფტების წარმოება, ეს არის ამწე მოწყობილობების წარმოების განვითარებაც. დაგეგმილია, რომ საქართველოში წარმოების ლოკალიზაცია იყოს 71% შემდეგი წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადგილზე შევძლებთ როგორც ადგილობრივი წარმოების პოტენციალის განვითარებას, ასევე, საბოლოო ჯამში, შევძლებთ იმას, რომ ექსპორტზეც ვიფიქროთ“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ლიფტების ახალ საწარმოში პირველივე ეტაპზე, 50-მდე ადამიანი დასაქმდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბელარუსულმოგილევ ლიფტმაშთან“ ერთად, საქართველოში ნაწარმოები ლიფტები მაღალი ხარისხითა და ფასით თავისუფლად შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქციას.

ლიფტების საწარმოს ბაზაზე კადრების გადამზადებაც იგეგმება, რომლებიც პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან შემდგომში სხვადასხვა ობიექტებზე დასასაქმებლად ლიფტების მომსახურების სფეროში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლიფტების წარმოების დაწყებასთან ერთად,  საქართველოში  სათადარიგო ნაწილების ბაზარიც განვითარდება, რაც აქამდე არ არსებობდა.