საქართველოში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი იხსნება
საქართველოში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი იხსნება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (თსსუ) სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობა – საქართველოში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი იხსნება. ცენტრის დაფუძნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს, რომელიც სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

სამედიცინო უნივერსიტეტის ცნობით, 2018 წლის ნოემბერში საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ მაკრედიტებელი სააგენტოს სტატუსი მიენიჭა, ახლა კი, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლობა იხსნება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც დაარსდა 1972 წელს დიდ ბრიტანეთში, ამჟამად გლობალური ორგანიზაციაა, რომელშიც გაწევრიანებულია ხუთივე კონტინენტის 90-ზე მეტი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ნაციონალური სამედიცინო ასოციაცია. ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ხორციელდება ყველა ინოვაცია სამედიცინო განათლების სფეროში, შემუშავებულია საყოველთაოდ აღიარებული სამედიცინო განათლების სტანდარტები და გაიდლაინები, ტარდება ყოველწლიური კონფერენციები, მასტერკლასები და სიმპოზიუმები, გამოიცემა ჟურნალები, სახელმძღვანელო ლიტერატურა სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში.

როგორც სამედიცინოს უნივერსიტეტის ინფორმაციაშია აღნიშნული, დღემდე მსოფლიოში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციას (AMEE) მხოლოდ ორი რეგიონული წარმომადგენლობა აქვს გახსნილი; მესამე ოფისი კი, საქართველოში  საქართველოსა და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნების უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებს გაუწევს კოორდინაციას სამედიცინო განათლების სტანდარტების დამკვიდრებაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციასთან 2 000 წლიდან თანამშრომლობს სწავლების ახალი მეთოდების დასანერგად, მონაწილეობს ყოველწლიურ კონფერენციებსა და ვორქშოპებში, სამედიცინო განათლების თემატური ქსელის –  MEDINE-2-ის საქმიანობაში, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის ქვეყნებში ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისი სამედიცინო განათლების სტანდარტების შემუშავების მიზნით.

თსსუ–ში განხორციელებული ტემპუსის პროექტი „დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროგაერთიანების აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ ევროკომისიის მიერ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად. იგი მიზნად ისახავდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების ახალი მოდელის შემუშავებას და დანერგვას საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში.

თსსუ–ში აცხადებენ, რომ ასოციაციის რეგიონული ცენტრის გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას სამედიცინო განათლების მსოფლიო ლიდერებთან, მათი გამოცდილების გაზიარებას და საქართველოში სწავლების, სწავლისა და შეფასების თანამედროვე სტანდარტების ეფექტურ ამოქმედებას, უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგის ამაღლებას.

თსსუ-ს ინფორმაციით, უნივერსიტეტში ​ამჟამად 2 300-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს მსოფლიოს 68 ქვეყნიდან, თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა მესამედზე მეტი – 38% უცხოელია.

საქართველოში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითადი მიზანი იქნება სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგების გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტების და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.

პირველი 5-დღიანი კურსი დაიწყება 20 მაისიდან – „ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში“. ტრენინგს გაუძღვება სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის დირექტორატის წევრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) კონსულტანტი სამედიცინო განათლების საკითხებში, პროფესორი ტრევორ გიბსი. ოთხი კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს მიენიჭებათ საერთაშორისოდ აღიარებული სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მომავალში დაგეგმილია სასწავლო კურსების შეფასების, სტუდენტთა ცოდნის შეფასების, სამეცნიერო კვლევის, აკადემიური პერსონალის სწავლების უნარების შეფასების, სამედიცინო განათლების მენეჯმენტის, სიმულაციის და კლინიკური სწავლების საკითხებზე. ქართულ ენაზე გამოიცემა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის ჟურნალის „მედიქალ თიჩერ“ დაიჯესტი, სამედიცინო განათლების სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის სტანდარტები.