საქართველოში საგანმანათლებლო რესურსების ელექტრონული პორტალი შეიქმნება, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით იმუშავებს
საქართველოში საგანმანათლებლო რესურსების ელექტრონული პორტალი შეიქმნება, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით იმუშავებს

საქართველოში საგანმანათლებლო რესურსების ელექტრონული პორტალი შეიქმნება და აღნიშნული სისტემა  ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით იმუშავებს,  – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს უზრუნველყოფს სანდოობის ამაღლებას, გამჭვირვალობის უმაღლეს ხარისხს, ფინანსების დაზოგვას, პროცესების გამარტივებასა და სწრაფ შედეგზე ორიენტაციას.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ცოდნა არ არის მხოლოდ ინფორმაციის დაგროვება, ეს არ არის სწორი მიდგომა. სრულფასოვანი ცოდნა გულისხმობს ინფორმაციის შემოქმედებითი დამუშავებისა და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარს. სწორედ ამ მიდგომაზე იქნება ორიენტირებული ჩვენი რეფორმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს ახალგაზრდობა უნდა აღიჭურვოს ცოდნით, ფართო თვალსაწიერით და საზოგადოებრივი სიკეთეების შექმნის უნარებით.

„ჩვენი ერის მამები, გელათის და იყალთოს აკადემიის შემქმნელები, ასევე, ჩვენი დიდი განმანათლებლები, ვახტანგ მეექვსე და სულხან საბა ორბელიანი, მათი სახელოვანი მემკვიდრეები ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულები, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები სწორედ განათლებაში ხედავდნენ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, განვითარების და წინსვლის მამოძრავებელ ძალას“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და დღეს ქვეყანა ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ მიისწრაფის.

„ეს არ არის თვითმიზანი ან ვიღაცის დაკრულზე ცეკვა, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ჩვენი საზოგადოების შინაგანი გაძლიერების გზა, რომელიც საუკუნეების წინ ავირჩიეთ. მინდა ჩემი მიმართვა, დავასრულო ილია ჭავჭავაძის, საქართველოში ევროპული განათლებისა და საერთოდ, ევროპულობის დამკვიდრების დიდი ქომაგის სიტყვებით – სხვა ვერაფერი გაუსწორებს ომს ცოდნასა, თუ არ ისევ ცოდნა. სხვა ვერაფერი გვიხსნის სიღარიბისაგან, თუ არ ის ხერხი, ის უნარი, ის ძალ-ღონე, რომელსაც მარტო ცოდნა და სწავლა-განათლება იძლევა“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაცია დღეს იყალთოს სამონასტრო კომპლექსში გაიმართა.

დატოვე კომენტარი