საქართველოში რუსული გაზის ერთ-ერთი მყიდველი „სოკარ ჯორჯია გაზია“. საქართველოს პირველი არხის მიერ მოპოვებული აღნიშნული ინფორმაცია კომპანიაში დაადასტურეს.
„სოკარის“ ცნობით, კომპანიამ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 17 აპრილს ჩატარებულ აუქციონში მიიღო მონაწილეობა და 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი შეისყიდა. საუბარია „გაზპრომის“ მიერ საქართველოსთვის წლის განმავლობაში მოსაწოდებელ ბუნებრივ აირზე, რომლის ნაწილი ქვეყანაში აპრილში შემოვიდა.
პირველმა არხმა 17 აპრილს ჩატარებული აუქციონის დეტალებიც გაარკვია. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, აუქციონზე 17 ლოტი იყო გამოტანილი, რომელთა ჯამური მოცულობა 30 მილიონი კუბური მეტრი იყო.
გაზის საწყისი ფასი დღგ-ს გარეშე 618.54 ლარი იყო (1000 კბ.მ-ზე), რაც მიმდინარე კურსით 227 დოლარს შეადგენს და აუქციონის მიმდინარეობისას გაიზარდა. საბოლოოდ, აუქციონში მონაწილე 16 კომპანიიდან 8 გამარჯვებული გამოვლინდა.
„სოკარის“ გარდა, აუქციონში გაზგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიებიც მონაწილეობდნენ. სწორედ პირველმა არხმა მოიპოვა ინფორმაცია საქართველოში რუსული გაზის შემოტანის შესახებ. მონაცემები ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბალანსიდან გახლდათ ხელმისაწვდომი.
ამასთან, 2019 წლის აპრილში საქართველოში რუსული გაზის წილი მხოლოდ სამი პროცენტი იყო, მთლიანი მოხმარების 97 პროცენტი კი აზერბაიჯანიდან მოწოდებულ აირზე მოდიოდა.