მედია - ჩეხეთში რუსული გაზი ისევ შედის
მედია - ჩეხეთში რუსული გაზი ისევ შედის

ჩეხეთში რუსული გაზი ისევ შედის. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, რამდენიმე კომპანიამ ოქტომბერში ჩეხეთში რუსული გაზის იმპორტი დაიწყო, რომელიც წლის დასაწყისიდან შეწყვეტილი იყო.

მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება ჩეხეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, იოსეფ სიკელმა გააკეთა.

მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრის ბოლომდე რუსული გაზის მიწოდების მთლიანი მოცულობა 79,6 მლნ კუბურ მეტრი იყო, რაც 1,2 პროცენტს შეადგენს.

სიკელის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ქვეყანას ჯერ კიდევ არ შეუძლია რუსული გაზის გარეშე, ევროკავშირში მისი იმპორტი სანქციებს არ ექვემდებარება.

„ვფიქრობ, სწორია, რომ მომხმარებლები ინფორმირებული იყვნენ იმის შესახებ, საიდან ყიდულობს მათი მომწოდებელი გაზს“, – განაცხადა მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, რუსული გაზი ჩეხეთში მიმდინარე წლის დასაწყისიდან შეწყდა. სახელმწიფომ ის ნორვეგიის გაზით და გათხევადებული აირით ჩაანაცვლა. გასულ წლებში რუსული გაზის წილი დაახლოებით 97 პროცენტი იყო.

შეგახსენებთ, მანამდე ჩეხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ, ისტორიაში პირველად, ჩეხეთმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება მოხსნა. ოქტომბერში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ქვეყანა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში თავს დააღწევდა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებასაც.