საქართველოში პონტოს მუხის ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
საქართველოში პონტოს მუხის ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

საქართველოში პონტოს მუხის ახალი დაცული ტერიტორია იქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით – „პონტოს მუხის შექმნისა და მართვის შესახებ“ ახალი კანონპროექტი მომზადდა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა, ცვლილებების ავტორი კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პონტოს მუხის აღკვეთილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე იქმნება, რომლის საერთო ფართობი 443 ჰექტარს შეადგენს.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გავრცელებულია „წითელ ნუსხაში“ შეტანილი „პონტოს მუხა“ და ქვეყანაში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც პონტოს მუხის კორომები დიდ ფართობზეა კონცენტრირებულია.

„კანონპროექტი მიზნად ისახავს, დაცული ტერიტორიის ფარგლებში უზრუნველყოს – ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტოპებისა და მათი ცალკეული კომპონენტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; ასევე მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა. ასევე ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელება, ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ა.შ.“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, ინიციატივის მიხედვით, პონტოს მუხის აღკვეთილი სამართავად კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას გადაეცემა, სადაც პონტოს მუხის აღკვეთილის მართვის უზრუნველსაყოფად აყვანილი მხოლოდ ერთი რეინჯერი იქნება, რომლის შრომის ანაზღაურება (750 ლარი) დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოხდება.