საქართველოში პირველი ვერტიკალური სათბურის ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, პროდუქციას ბაზარზე იანვრიდან შეიტანენ
საქართველოში პირველი ვერტიკალური სათბურის ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, პროდუქციას ბაზარზე იანვრიდან შეიტანენ

საქართველოში პირველი ვერტიკალური სათბურის ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა და ე.წ. ურბანული მეურნეობის პირობებში მზისა და მიწის გარეშე ბოსტნეულის მოყვანა რეალობად იქცა. ექსპერიმენტული სათბური თავის პროდუქციის გაყიდვას მომავალი წლის იანვრიდან გეგმავს. ამის შესახებ „ურბან გრინსის“ (Urban Geens) და „სფეის ფარმსის“ (Space Frams) ურბანული მეურნეობის განვითარების ხელმძღვანელმა, ტუსია ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.

გადაცემაში ე.წ. ურბანული მეურნეობის კონცეფცია განიხილეს, რომელიც მსოფლიო დონეზე სულ უფრო პოპულარული ხდება და რომლის მაგალითიც საქართველოში უკვე შეიქმნა. დამწყებმა ბიზნესმა „ურბან გრინსმა“ და „სფეის ფარმსმა“ გასულ წელს „აჭარა ჯგუფის“ მხარდაჭერით მზისა და მიწის გარეშე ოთახის პირობებში თაროებისგან შეკრულ სტელაჟზე ბოსტნეულის მოყვანის ექსპერიმენტი დაიწყო. ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა და სათბური ბაზარზე პროდუქციის გატანას იანვრიდან გეგმავს.

„ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა და ე.წ. სფეის ფარმსის [ანუ კოსმოსური ფერმის] შექმნის საამაყო პროექტი საქართველოში უკვე არსებობს. ეს პირველი ვერტიკალური სრულიად კონტროლირებადი სათბურია, რომელიც სასტუმრო „სტამბაში“ 155 კვადრატულ მეტრზე დგას და ექვსი თაროსგან შედგება, რომელიც შვიდი სართულისაა. აქ თვეში დაახლოებით 500-700 კილოგრამI ბოსტნეული მოგვყავს უწყვეტად, სეზონის მიუხედავად. საექსპერიმენტო პერიოდი დასრულდა და მომავალი წლის იანვრიდან გაყიდვებს ვიწყებთ“, – განმარტა ტუსია ღარიბაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ახალ სათბურში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები ბოსტეულისა და მწვანილის უშუალოდ თესლიდან მოყვანის და ამ აგრარული პროცესის სრული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.

„ჩვენ ნაყიდი გვაქვს პროგრამული უზრუნველყოფა, რაც სენსორებითა და სხვადასხვა მაკონტროლებელი აპარატების საშუალებით მონაცემების სრულ ბაზას აგროვებს და ამის საშუალებით ვაკონტროლებთ ტემპერატურას, ტენიანობას, ნახშიროჟანგის [CO2] გამონაბოლქვის დონეს. ვაკონტროლებთ, რა სიხშირით ეცემა მცენარეს ე.წ ლედ განათების [LED] სპექტრუმები, რისი მეშვეობითაც მცენარეს ვზრდით. ეს კონტროლი საშუალებას გვაძლევს, ჯანმრთელი და ვიტამინებით სავსე პროდუქტი გავზარდოთ“, – განაცხადა ტუსია ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, პირველი ქართული ვერტიკალური სათბური იყენებს დამზოგავ ტექნოლოგიებს, რომელიც წარმოებისთვის აუცილებელი რესურსების ხელმეორედ გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ ტექნოლოგიის წყალობით, თვეში 500-700 კილოგრამი ბოსტნეულის მოყვანას მხოლოდ ერთი ტონა წყალი სჭირდება.

„ურბან გრინსისა“ (Urban Geens) და „სფეის ფარმსის“ (Space Frams) ურბანული მეურნეობის განვითარების ხელმძღვანელის თქმით, ამგვარ სათბურში შესაძლებელია ისეთი მწვანილისა და ბოსტნეული მოყვანა, როგორიცაა სალათის ფოთლები, ბაზილიკა, ტარხუნა, მარწყვის მსგავსი კენკროვანი კულტურები და ა.შ.

აღნიშნულ ტექნოლოგიურ სათბურში ქართული ვაზის გამოყვანაც იგეგმება და პროექტის ფარგლებში პროფესიული განათლების კომპონენტის დამატებაც გახდა შესაძლებელი, რადგან სტუდენტებს აგროტექნოლოგიებში საკუთარი ცოდნის ჩადების სურვილი გაუჩნდათ.

„ვაზის წარმოების უნიკალური 8 000-წლიანი უწყვეტი ისტორია გვაქვს და რატომ არ შეიძლება, მეცხრე ათასწლეულიც შევქმნათ, სადაც ვაზი სხვა პირობებში გაიზრდება. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი „მეცხრე მილენიუმი“ ვაზის სხვა პირობებში კულტივაციას ისახავს მიზნად, რათა მიწისა და მზის სხივების გარეშე შევძლოთ სხვადასხვა კულტურის გაზრდა. შემდეგი ეტაპი ლაბორატორია იქნება. იგეგმება, აშენდეს ისეთი ლაბორატორია, სადაც მარსის სიმულირებულ პირობებში შევძლებთ ვაზის გაშენებას. ამაში ერთვებიან მეცნიერებიც, ასტრობიოლოგებიც და შემდეგ ალბათ ნასა-ც ჩაერთვება. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან, რომ ამ ლაბორატორიის განვითარებაში ხელი შეგვიწყონ. ვაზის კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია“, – განუცხადა ტუსია ღარიბაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.