საქართველოში პირველი ტელემაუწყებლობიდან 68 წელი შესრულდა
საქართველოში პირველი ტელემაუწყებლობიდან 68 წელი შესრულდა

საქართველოში პირველი ტელემაუწყებლობიდან 68 წელი შესრულდა.

1956 წლის 30 დეკემბერს ფუნიკულიორის პლატოზე აგებული 40-მეტრიანი სტუდიიდან პირველი სატელევიზიო სიგნალი გადაიცა. თავიდან ტელევიზიის შემადგენლობაში სულ 26 თანამშრომელი და ერთი კამერა იყო. ჯერ კიდევ პატარა სამაკეტო სტუდიის პირობებში სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობდნენ: გალაკტიონ ტაბიძე, ირაკლი აბაშიძე, იოსებ გრიშაშვილი, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ლეონიძე, გრიგოლ აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, მურმან ლებანიძე, იოსებ ნონეშვილი ანა კალანდაძე და სხვები. ასევე ცნობილი მსახიობები: სერგო ზაქარიაძე, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე და ა.შ.

1957 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონთან პირველად დაიდგა მოძრავი სატელევიზიო სადგური და მას შემდეგ სისტემატურად გადაიცემოდა ფეხბურთის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟები. პირველმა კომენტატორებმა, ეროსი მანჯგალაძემ და კოტე მახარაძემ მაყურებლის უდიდესი სიყვარული დაიმსახურეს.

საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური სახელწოდებით – „მოამბე“ 1968 წლის 4 იანვარს ჩამოყალიბდა. იმავე წელს თბილისში ფერადი მაუწყებლობა დაიწყო და საქართველო შევიდა იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ფერადი მაუწყებლობა ჰქონდათ.

საქართველოს პირველი არხის ოქროს ფონდში დაცულია უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ჩანაწერები.

2025 წელს საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 100 წელი შესრულდება. საქართველოს რადიომ, ამიერკავკასიაში პირველმა, 1925 წლიდან დაიწყო მაუწყებლობა.