საქართველოში „ომიკრონის“ შტამის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში „ომიკრონის“ შტამის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტობრივად „ომიკრონმა“ ქვეყანაში ცირკულაცია დაიწყო

„ცოტა ხნის წინ დაემატა „ომიკრონის“ შტამის კიდევ ხუთი შემთხვევა, რომელიც ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა. ჯამში ლაბორატორიულად დადასტურებულია 29 შემთხვევა, თუმცა ალბათ გაცილებით მეტია, რადგან იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც აქვს ყველა ლაბორატორიას ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 30 ნოემბერს დაგზავნილი, თუ სად შეიძლება, მიიტანონ ეჭვი, ეს ეჭვები ბოლო დღეების განმავლობაში უფრო გახშირდა. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული ინდიკატორები, სადაც შეიძლება, დაშვებული იქნას, რომ იყოს „ომიკრონი“, შემდეგ კი მისი გადამოწმება ხდება ლუგარის ცენტრში. ამ შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტში დასტურდება, რომ არის „ომიკრონის“ შტამი. ფაქტობრივად მან ქვეყანაში ცირკულაცია დაიწყო. როგორც ვპროგნოზირებდით, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დადასტურებულ „ომიკრონის“ ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

„ყველა შემთხვევაში, რაც დადასტურებულია, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. ჯერჯერობით არც ერთს, გარდა ერთისა, სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირვებია. ინფიცირებულების უმრავლესობა ვაქცინირებულია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.