საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა და 74 პროცენტი შეადგინა
საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა და 74 პროცენტი შეადგინა

საქართველოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელიც ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს, – ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

კომისიის ცნობით, 2019 წლის პირველ კვარტალში ფიქსირებული ინტერნეტმომსახურებების პენეტრაცია 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით შვიდი პროცენტით გაიზარდა და ჯამში 74 პროცენტი შეადგინა.

„გაზრდილია მობილური კომპანიების ჯამური შემოსავალი და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შემოსავლების ზრდამ სამი პროცენტი შეადგინა, რაც იურიდიული პირი აბონენტებისგან მიღებული შემოსავლის 12-პროცენტიანმა ზრდამ განაპირობა. შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა, როგორც მობილურ ხმოვან, ასევე მობილურ ინტერნეტ მომსახურებაზეც“, – აღნიშნავენ კომუნიკაციების კომისიაში.

მათივე ცნობით, ფიქსირებული ინტერნეტმომსახურება, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 80 000-ით მეტმა აბონენტმა მიიღო. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურებების ჯამური შემოსავალი 16 პროცენტით გაიზარდა. ჯამური შემოსავლების 30 პროცენტი კი იურიდიული პირი აბონენტებისგანაა მიღებული.

იზრდება მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო შემოსავალიც. კერძოდ, კომისიის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის შემოსავალი 20 პროცენტით გაიზარდა და 26.8 მლნ ლარი შეადგინა, აბონენტების რაოდენობა კი 13 პროცენტით და 709 000 გახდა.

„რაც შეეხება IPTV ტექნოლოგიას, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით IPTV ტექნოლოგიის საცალო შემოსავალი 35 პროცენტით, ხოლო აბონენტების რაოდენობა 25 პროცენტით არის გაზრდილი.

ელექტრონული კომუნიკაციების 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის ანალიტიკურ პორტალზე – www.analytics.gncc.ge“, – აღნიშნულია საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.