საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ

13:19, 18.08.2026

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, დავით კაიკაციშვილმა დელეგაციის წევრებს ადგილზე მიაწოდეს ინფორმაცია დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის შექმნილი პირობების, მიმდინარე პროექტებისა და სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა წეროვნის საჯარო სკოლაც დაათვალიერეს, გაეცნენ სასწავლო გარემოსა და მოსწავლეებისთვის შექმნილ პირობებს. ასევე, მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სერვისების შესახებ, რომლებიც დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებსა და ბავშვებს სხვადასხვა მიმართულებით მიეწოდებათ.

სტუმრებმა დევნილ ოჯახთანაც გამართეს შეხვედრა, გაეცნენ მათ საცხოვრებელ გარემოსა და გამოცდილებას. წეროვანში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მსგავსი