საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მეორედ სტუმრობს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

„მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს,  რომ ეს არის საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეორე ოფიციალური ვიზიტი. არჩევის შემდეგ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გაიმართა. მეზობლებს შორის ასეთი ინტენსიური ორმხრივი ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. საუბარი შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციას, კულტურას, ხალხთა შორის ურთიერთობას. ბუნებრივია, ასევე ვისაუბრებთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველო და სომხეთი ორივე გახლავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები. წლევანდელი წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება. წელს მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება, შეჯამება. ასევე აღსანიშნავია, რომ ვიზიტი მიმდინარეობს მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის ფონზე და მეზობელ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანია კოორდინაცია, რომ ამ გამოწვევას ერთობლივად გავუმკლავდეთ. ეს კოორდინაცია ძალიან ეფექტიანად განხორციელდა განვლილი დღეების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის დროსაც ჩვენ ვისაუბრებთ ერთობლივი ქმედებების ყველა ძირითად მიმართულებაზე, რომელიც დაგვეხმარება აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის  დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. ფაშინიანს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია უმასპინძლებს. გაიმართება საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.