საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებაზე მომუშავე კომპანია „ელენილტოსთან“ ხელშეკრულება შეწყდა
საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებაზე მომუშავე კომპანია „ელენილტოსთან“ ხელშეკრულება შეწყდა

საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებაზე მომუშავე კომპანია „ელენილტოსთან“ ხელშეკრულება შეწყდა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოდან მიაწოდეს.

საუბარია ისრაელის ინვესტორების მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანიაზე, რომელთანაც პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება 2013 წლის 8 თებერვალს გაფორმდა. კომპანიას ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის 25-წლიანი გენერალური ლიცენზია ჰქონდა. „ელენილტო“ საგარეჯოსა და გარდაბნის რაიონების ტერიტორიაზე მუშაობდა.

„ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტორ მხარეს ვალდებულება გააჩნდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შეესრულებინა მინიმალური სამუშაო პროგრამა, რომელიც მოიცავდა სამ ეტაპს. მეორე ეტაპის სამუშაოები დროულად არ შესრულდა, რადგან საჭირო გახდა მომიჯნავე სალიცენზიო ბლოკის ლიცენზიის მფლობელთან მოლაპარაკება. სააგენტომ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და გაზარდა მინიმალური სამუშაო პროგრამის მეორე ეტაპის ვადა მესამე ეტაპის ვადის შემცირების ხარჯზე. მიუხედავად ამისა, კონტრაქტორს არ შეუსრულებია მინიმალური სამუშაო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები და კვლავ მიმართა სააგენტოს ვადების ცვლილების თაობაზე. სააგენტომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წერილობითაც და პირად შეხვედრებზეც არაერთხელ მისცა კონტრაქტორ კომპანიას შესაძლებლობები გამოესწორებინა დარღვევები, თუმცა შპს „ელენილტო ჯორჯიამ“ (Elenilto Georgia) ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რამაც გამოიწვია ხელშეკრულებისა და ლიცენზიის შეწყვეტა“, – აცხადებენ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში.