საქართველოში ნალექიანი ამინდი დღესაც შენარჩუნდება
საქართველოში ნალექიანი ამინდი დღესაც შენარჩუნდება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი დღესაც შენარჩუნდება. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონებში კი შესაძლოა ძლიერი წვიმაც აღინიშნოს.

სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, სეტყვას არ გამორიცხავენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ელჭექისა და სეტყვის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც.

დასავლეთ საქართველოში კვლავ შედარებით დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურა 17-დან 23 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი 21-დან 26 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, დღის მეორე ნახევარში თბილისში კვლავ ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23-25 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 მაისს საღამოს საათებამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შეწყდება წვიმა, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ვარაუდით, 15 მაისს დღის საათებიდან უკვე მთელ საქართველოში გამოიდარებს.

ჰაერის ტემპერატურის მკვეთრად მომატება და შედარებით უნალექო ამინდი 18 მაისიდან არის მოსალოდნელი. ბარში, ზოგიერთ რაიონში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 30 გრადუსს გადააჭარბოს.