საქართველოში ნალექიანი ამინდი 26-27 დეკემბრიდან არის მოსალოდნელი
საქართველოში ნალექიანი ამინდი 26-27 დეკემბრიდან არის მოსალოდნელი

საქართველოში ნოემბერ-დეკემბერში მრავალწლიურ სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, მცირე რაოდენობის ნალექი აღინიშნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, რამაზ ჭითანავამ განუცხადა.

ჭითანავას ინფორმაციით, უნალექო ამინდი ნაწილობრივ ციმბირის ანტიციკლონს უკავშირდება, ნალექიანი ამინდი კი, 26-27 დეკემბრიდან არის მოსალოდნელი.

„მიმდინარე წლის ნოემბერი და დეკემბრის განვლილი პერიოდი მცირე ნალექიანობით გამოირჩევა. არ შეიძლება ითქვას, რომ ეს განსაკუთრებით ანომალური შემთხვევაა. ნალექების ასეთი ხასიათი სხვა წლებშიც არის აღნიშნული, უახლოეს წარსულში 2010, 2012 წელსაც იყო დაახლოებით მსგავსი მდგომარეობა ნოემბერ-დეკემბერში. ძირითადად, ეს გამოწვეულია იმით, რომ ევრაზიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ყალიბდება ამ პერიოდში როგორც წესი, ციმბირის ანტიციკლონი, რომელიც გავლენას ახდენს მის გარშემო დიდ ტერიტორიებზე და ამჟამად, საქართველოს ტერიტორიაზეც, რასაც ახასიათებს შედარებით უნალექო პერიოდი. რაც შეეხება ტემპერატურულ რეჟიმს, ამ მხრივაც, დეკემბერი შედარებით თბილი ამინდებით ხასიათდება, რაც დაკავშირებულია გარკვეულად წყლის რესურსების შემცირებასთან. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდისთვის რამე ანომალური მახასიათებლები მდინარეებზე მათი დონეების, წყლიანობის თვალსაზრისით არ აღინიშნება“, – აცხადებს ჭითანავა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში მთაში თოვლის ნაკლებობაზეც მიუთითებენ, რაც ზამთრის კურორტების მუშაობას აფერხებს.

„სამწუხაროა, რომ მთიანი ტურიზმისთვის არახელსაყრელი პერიოდია. თოვლის საფარი პრაქტიკულად არ არის შექმნილი. მხოლოდ ძალიან მაღალ მთის რეგიონებშია თოვლი. არც გუდაურში, არც ბაკურიანში არ აღინიშნება თოვლის საფარი, რაც უარყოფითად მოქმედებს ამ სფეროზე. სამწუხაროდ, უახლოეს დღეებში არ ველოდებით ამ თვალსაზრისით მდგომარეობის გაუმჯობესებას.  ამინდის შედარებით შეცვლა, ნალექიანი ამინდი 26-27 დეკემბრიდან არის მოსალოდნელი. შემდგომ ატმოსფეროს ტემპერატურაც მნიშვნელოვნად დაიკლებს“, – განაცხადა რამაზ ჭითანავამ.