საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეეძლებათ
საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეეძლებათ

საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას, ვაქცინაცია სამ დაწესებულებაში შეეძლებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ადგილებია თბილისში, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა; ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფო; ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში.

„შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებისთვის: საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება, შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც იმყოფება საქართველოში და მისი შემოსვლიდან გასულია მინიმუმ 3 თვე; სახელმწიფო პროგრამის “იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები; საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერხეს ქვეყნის დატოვება), შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე; საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად. №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი,მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეუძლია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობასაც, მოქალაქეობის მიუხედავად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მომუშავე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს.

ვაქცინაციისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ან მოქალაქეობის არმქონე პირებმა დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვაქცინირებული პირების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში განხორციელდება მხოლოდ ვაქცინაციის შემდეგ“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.