საქართველოში მსოფლიო ბანკის რეგიონული ფორუმი იმართება, სადაც შუა დერეფნის საკითხს განიხილავენ

11:36, 01.10.2026

მსოფლიო ბანკის ჯგუფი მასპინძლობს რეგიონულ ფორუმს – „შუა დერეფანი: მომდევნო ეტაპი“, რომელმაც შეკრიბა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის ხელისუფლების, კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები, შუა დერეფნის სრული ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობების განსახილველად.

ფორუმზე მსოფლიო ბანკის ანგარიშის „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. მსოფლიო ბანკის ჯგუფის ინფორმაციით, აღნიშნული პუბლიკაცია, შუა დერეფნის სავაჭრო ნაკადების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის ეფექტიანობის და დარგობრივი პოლიტიკის მიმართულებით არსებული გამოწვევების ყოვლისმომცველ შეფასებას იძლევა, მთავრობებისა და კერძო სექტორის დაინტერესებული მხარეებისთვის პრიორიტეტული დღის წესრიგის განსაზღვრის პარალელურად.

როგორც აღინიშნა, ახალი ანგარიში აფართოებს გეოგრაფიულ არეალს, ამჯერად იკვლევს შუა დერეფნის მონაწილე ცხრა ქვეყანას და აფასებს, როგორ შეუძლია კოორდინირებულ ინვესტიციებს, დარგობრივი პოლიტიკის რეფორმებს და გაძლიერებულ ინსტიტუტებს 2040 წლისთვის დერეფნის გარდაქმნა გაცილებით კონკურენტულ, მდგრად და ზრდაზე ფოკუსირებულ სავაჭრო მარშრუტად.

ანგარიშის მიხედვით, შუა დერეფანს აქვს პოტენციალი, გახდეს ვაჭრობის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის და რეგიონული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა აზიასა და ევროპას შორის, მაგრამ მისი სამომავლო წარმატება დამოკიდებული იქნება არა მარტო ახალი ინფრასტრუქტურის აშენებაზე, არამედ დერეფნის ეფექტიანობის ამაღლებაზეც.

„ანალიზი მიუთითებს, რომ დერეფანზე მოთხოვნა შეიძლება არსებითად ამაღლდეს მომდევნო 15 წლის განმავლობაში, თუ ქვეყნები ითანამშრომლებენ ინფრასტრუქტურაში ინვესტირების და სერვისების გაფართოების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე ხორციელდება, განვითარების მომდევნო ეტაპი მოითხოვს გაცილებით სწრაფ და საიმედო სერვისებს, ვაჭრობის უფრო ძლიერ ხელშეწყობას, გაცილებით მაღალ დიგიტალიზაციას და სასაზღვრო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას. ასეთი ღონისძიებები აუცილებელია მაღალი ღირებულების საკონტეინერო ვაჭრობის მოსაზიდად, მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის ასამაღლებლად და რეგიონის მასშტაბით ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შესაქმნელად.

შუა დერეფნის ეკონომიკური პოტენციალის სრული რეალიზაციისთვის ანგარიში მიუთითებს შემდეგი ღონისძიებების განხორციელების საჭიროებაზე, ესენია: სატრანსპორტო ინსტიტუტების გაძლიერება, რაც გულისხმობს რკინიგზის, პორტების და გადამზიდავი ოპერატორების გაძლიერებას მართვის, ფინანსური მდგრადობის და კერძო კაპიტალის გაცილებით მაღალი მობილიზაციის მეშვეობით;

საზღვრისპირა პროცედურების გამარტივება ტრანსპორტის, საბაჟო ტრანზიტის და სავაჭრო დოკუმენტაციის გამარტივებით და ციფრული გადაწყვეტების გამოყენების დაჩქარებით;

დერეფნის მასშტაბით დიგიტალიზაციის დონის ამაღლება თავსებადი სისტემების დანერგვის მეშვეობით, რომლებიც აამაღლებს პროცესების გამჭვირვალობას, კოორდინაციას და მომსახურების მიწოდებას მონაცემებთან დაკავშირებით ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის პარალელურად.

ინტეგრირებული სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვის სერვისების განვითარება გაცილებით სწრაფი, საიმედო და კომერციულად მიმზიდველი სატრანსპორტო გადაწყვეტების უზრუნველსაყოფად.

რეგიონული კოორდინაციის და კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება ეფექტიანობის შეფასების, დარგობრივი პოლიტიკის და სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის მეშვეობით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, კასპიის და შავ ზღვებს შორის სტრატეგიული ადგილმდებარეობით საქართველოს უკვე აკისრია წამყვანი როლი ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში და ქვეყანა მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს მისი მომავლის ფორმირებაში. ანგარიშის მიგნებები რეგიონთან დაკავშირებით მიუთითებს მკაფიო დღის წესრიგზე საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის, გასაძლიერებლად, რაც გულისხმობს მიზნობრივი სარკინიგზო, საგზაო, საპორტო და ლოგისტიკური ინვესტიციების გაერთიანებას რეფორმებთან, რომლებიც უზრუნველყოფს ტვირთების გადაადგილების დაჩქარებას, პროგნოზირების გაუმჯობესებას, დიგიტალიზაციას და უკეთეს კოორდინაციას საზღვრების და ოპერატორების მასშტაბით.

ამასთან, ანგარიშის მიგნებები ხაზს უსვამს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან სარგებელს საქართველოსთვის. პროგნოზის მიხედვით, 2040 წლისთვის მოსალოდნელია მშპ-ის 3.61%-ით, ხოლო დასაქმების 0.79%-ით ზრდა და ასევე იმპორტ-ექსპორტის გაფართოება. აღნიშნული მიუთითებს, რომ საქართველოს კარგი პოზიცია აქვს დერეფნის გაცილებით ინტეგრირებული და ეფექტიანი ქსელიდან სარგებლის მიღების თვალსაზრისით.

ანგარიშის თანახმად, შუა დერეფნის განვითარების მომდევნო ეტაპი გულისხმობს არა მარტო დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ის ეხება მთლიანი მარშრუტის ფუნქციონირებას ინტეგრირებული ლოგისტიკური სისტემის სახით. საქართველოსთვის ეს ნიშნავს თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გადათარგმნას გრძელვადიან ეკონომიკურ ღირებულებად სანდო სატრანსპორტო სერვისების, ძლიერი ინსტიტუტების, ციფრული კავშირების, კერძო ინვესტიციებისა და ღრმა რეგიონული თანამშრომლობის მეშვეობით.

მსგავსი