საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მე-19 ჯგუფმა დაიწყო მუშაობა
საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მე-19 ჯგუფმა დაიწყო მუშაობა

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, მშვიდობის კორპუსი განაგრძობს ქართველი ხალხის სამსახურში ყოფნას.

დღეს 42 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა, რომლებიც მოხალისეთა მეცხრამეტე ჯგუფს წარმოადგენენ.

როგორც საელჩოში აცხადებენ, მოხალისეებს შორის არიან ინგლისური ენის პროგრამის 34 და ორგანიზაციული და ინდივიდუალური განვითარების პროგრამის რვა მოხალისე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს 11-კვირიანი წინასამსახურებრივი ტრენინგი.

ტრენინგი მოიცავდა ქართული ენისა და და კულტურის სწავლებას, სამსახურთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გაუმჯობესებას და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებს.

ახალი სასწავლო წლიდან, ქვეყნის ათ რეგიონში, მოხალისეთა ნაწილი საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლებას შეუდგება, ხოლო ნაწილი ქართულ არასამთავრობო სექტორსა და თემში მოქმედ ორგანიზაციებში იმუშავებს.

საელჩოს ინფორმაციით, მშვიდობის კორპუსის მუშაობა საქართველოში დაიწყო 2001 წელს და მას შემდეგ სხვადასხვა თემებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტმა მოხალისემ იმუშავა.

დატოვე კომენტარი