საქართველოში მობილურ ტელეფონს მოსახლეობის 84.8 პროცენტი ფლობს
საქართველოში მობილურ ტელეფონს მოსახლეობის 84.8 პროცენტი ფლობს

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2019 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ექვსი წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 84.8 პროცენტი ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 4.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 88.8 და 78.9 პროცენტი შეადგინა.

15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 92.8-მა პროცენტმა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად.

საქსტატის მონაცემებითვე, მოსახლეობის 60.8-მა პროცენტმა ისარგებლა კომპიუტერით ბოლო სამი თვის განმავლობაში. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 58.7 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცების შემთხვევაში – 63.1 პროცენტს. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლების ტიპის მიხედვით – საქალაქო დასახლებებში 72.0 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 44.3 პროცენტი. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ინტერნეტის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 15-29 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 84.7 პროცენტი შეადგინა.

ბოლო სამ თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის კომპიუტერის მომხმარებელთა 80.1 პროცენტი კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 12.9 პროცენტი – კვირაში ერთხელ მაინც, თუმცა არა ყოველდღე, 7.0 პროცენტი კი – უფრო იშვიათად.

დატოვე კომენტარი