საქართველოში მეზვავეების მომზადება დაიწყო [ფოტო]
საქართველოში მეზვავეების მომზადება დაიწყო [ფოტო]

პირველად საქართველოში, თოვლ-საზვავე ჯგუფის მომზადება დაიწყო. ქართველ მეზვავეებს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი ფრანგული კომპანიის, „ტასის“ სპეციალისტები მოამზადებენ. საერთო ჯამში, ცხრა ქართველი მეზვავე გადამზადდება. მომზადების პროცესი კი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მეზვავის პროფესია საქართველოში ამ დრომდე არ არსებობდა და ამ მიმართულებით ახლა პირველი ნაბიჯები იდგმება.

ფრანგული კომპანიის სპეციალისტები ქართველ მეზვავეებს ზვავსაშიში ზონების აღმოჩენასა და გამოკვლევას შეასწავლიან. ამასთან, ისინი სამი სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ზვავის ხელოვნურად და დისტანციურად დაშლის მექანიზმებსაც შეისწავლიან.

პრაქტიკული სწავლება დღეს პირველად გუდაურში გაიმართა. ფრანგი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით სამმა ქართველმა მეზვავემ „ბიდარას ქედზე“ წარმოქმნილი თოვლის მასა ჩამოშალა, რომელიც კობი-გუდაურის სათხილამურო ტრასაზე დამსვენებლებს საფრთხეს უქმნიდა. კერძოდ, ჰელისკის ტიპის ვერტმფრენზე დამაგრებული სპეციალური დანადგარით, „დეიზი ბელით“ ზვავი ხელოვნურად, დისტანციური მართვით ჩამოშალეს, რასაც მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ზვავის ხელოვნურად, დისტანციურად ჩამოშლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კობი-გუდაურის სათხილამურო ტრასებისთვის, რადგან ეს მიდამოები სეზონზე რამდენიმე დღით იკეტება სწორედ ზვავის ჩამოწოლის საშიშროების გამო, ახლა კი ასეთი საფრთხის რამდენიმე საათში განეიტრალება გახდა შესაძლებელი.

ფრანგული კომპანია საქართველოში 2022 წლამდე დარჩება და ამ ხნის განმავლობაში ქართველი მეზვავეების სწავლების პარალელურად, თავადვე მოემსახურება გუდაურის კურორტს. 2022 წლიდან მართვას უკვე ​მთლიანად გადაიბარებენ ქართველი მეზვავეები. სამწლიანი პროექტის საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია. ამ თანხაშივე შედის როგორც ტრენინგები, ისე მეზვავეების სრული აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის შეძენაც. მათ შორის, მაღალი გამავლობის მანქანების, თოვლმავლების, ვერტმფრენისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების.