საქართველოში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყება
საქართველოში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყება

საქართველოში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

პროგრამის ფარგლებში მონაწილე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსგან, გრანტის სახით ღვინის საწარმოსათვის განკუთვნილ აღჭურვილობას მიიღებს. თუმცა განსაზღვრულია კრიტერიუმები: კოოპერატივს უნდა ჰქონდეს ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო, მოწესრიგებული დოკუმენტაცია და არ უნდა უფიქსირდებოდეს საგადასახადო დავალიანება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაერთიანებული უნდა იყოს 20 მეპაიეზე მეტი, მინიმუმ 20 ჰექტარი ვენახით. ასევე პრეტენდენტის საკუთრებაში არსებულ ვენახებში გაშენებული ვაზის ჯიშების არანაკლებ 95%-ისა, უნდა განეკუთვნებოდეს ნებადართული ვაზის ჯიშებს. მინიჭებული უნდა ჰქონდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი და სხვა.

ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივებს გრანტის სახით 100 ტონა ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემათ. ესენია, ყურძნის საჭყლეტი, ღვინის ფირფიტებიანი ფილტრი, უჟანგი საცავები, ღვინის დაყენებისთვის საჭირო სამაცივრე აღჭურვილობა და ასე შემდეგ.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის დასაფინანსებლად ორნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი, რომლითაც მინიმუმ ხუთი კოოპერატივი დაფინანსდება.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 100 ტონა ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო სრული აღჭურვილობა გადაეცემა სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით კოოპერატივს, თუ ის, რა თქმა უნდა, გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და ჩაერთვება პროგრამაში. წელს, ბიუჯეტით დაგეგმილია 2,5 მილიონი ლარის გამოყოფა ინვენტარის შესაძენად. თუ შარშანდელ მაგალითს გავითვალისწინებთ, შარშან სამი კოოპერატივი დაფინანსდა და თითოეულზე დაახლოებით 400 ათასი ლარი დაიხარჯა, წელს გამოყოფილი თანხით ჩვენ შევძლებთ მინიმუმ ხუთი კოოპერატივის დაფინანსებას. თუ ვთქვათ განაცხადები მეტი შემოვიდა, უპირატესობას მივანიჭებთ იმ პირებს, ვინც უხარვეზო დოკუმენტაციას შედარებით ადრე წარადგენს რეგისტრაციის ეტაპზე“ – განაცხადა პირველ არხთან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსმა, გიორგი მიშელაძემ.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, მეორე წელია ხორციელდება.