საქართველოში მცხოვრები ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანია დაიწყო
საქართველოში მცხოვრები ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანია დაიწყო

არავინაა უსაფრთხო, ვიდრე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ – საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ (UNHCR), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში მცხოვრები ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი კამპანია დაიწყო.

კამპანია საქართველოში მცხოვრებ თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების მოწყობასა და აღნიშნულ პირთა ვაქცინაციას ითვალისწინებს.

საინფორმაციო კამპანია, მარტყოფში, თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში დაიწყო, სადაც თავშესაფრის მაძიებლები და გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) თანამშრომლები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზით სპეციალურად მობილიზებულ ვაქცინაციის მოძრავ ამბულატორიაში აიცრნენ.

იმუნიზაციის პროცესს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მისიის ხელმძღვანელი კემლინ ფურლეი დაესწრნენ.

ვაქცინაციის გლობალური კამპანია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და გაეროს გენერალური მდივნის – ანტონიო გუტერეშის ინიციატივით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება.