საქართველოში მაისსა და აგვისტოში მსოფლიო დონის ორი ვარსკვლავის კონცერტები იგეგმება
საქართველოში მაისსა და აგვისტოში მსოფლიო დონის ორი ვარსკვლავის კონცერტები იგეგმება

მაისსა და აგვისტოში საქართველოში მსოფლიო დონის ორი ვარსკვლავის კონცერტები იგეგმება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

„ორი თარიღია დასაზუსტებელი. ეს არის მაისის მეორე დეკადაში და აგვისტოს მეორე დეკადაში, როდესაც ორ დიდ ვარსკვლავს დავამატებთ. მიმდინარე მოლაპარაკებების გამო, ჯერჯერობით უფლება არ გვაქვს, ვინაობა დავასახელოთ. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოწონებული იქნება მოსახლეობის, მსმენელის მხრიდან“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი განმარტებით, ვარსკვლავებთან მოლაპარაკებებს წინ უძღოდა შესაბამისი კვლევა ფოკუს ჯგუფებში.

კონცერტებს Black Sea Arena უმასპინძლებს, რომლის ხელმძღვანელის ანი კავლელიშვილის ინფორმაციით, ღონისძიებათა დეტალები მალე სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

ანი კავლელიშვილის თქმით, წელს Black Sea Arena ელტონ ჯონის კონცერტს და შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის გახსნასაც უმასპინძლებს.