საქართველოში ლიეტუვის ელჩი - 1989 წელს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა რეჟიმს, ტრაგიკულად დაიღუპა 21 მამაცი ადამიანი, არასდროს დავივიწყებთ
საქართველოში ლიეტუვის ელჩი - 1989 წელს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა რეჟიმს, ტრაგიკულად დაიღუპა 21 მამაცი ადამიანი, არასდროს დავივიწყებთ

1989 წლის მსხვერპლმა შთაგონება მისცა საქართველოს ეროვნულ ერთობას, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი სოციალურ ქსელში წერს.

„1989 წელს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა რეჟიმს რუსთაველის გამზირზე, ტრაგიკულად დაიღუპა 21 მამაცი ადამიანი. ამ მსხვერპლმა შთაგონება მისცა საქართველოს ეროვნულ ერთობას და უკვე ორ წელიწადში, 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა. არასდროს დავივიწყებთ“, – წერს გიედრიუს პუოჯუნასი „ტვიტერში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.