საქართველოში ლგბტ​ თემის უფლებების სფეროში არსებულ მდგომარეობას გაერო-ს დამოუკიდებელი ექსპერტი შეისწავლის
საქართველოში ლგბტ​ თემის უფლებების სფეროში არსებულ მდგომარეობას გაერო-ს დამოუკიდებელი ექსპერტი შეისწავლის

საქართველოში ლგბტ​ თემის წარმომადგენელთა უფლებებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას გაერო-ს დამოუკიდებელი ექსპერტი შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ადამიანის უფლებათა თბილისის ოფისი ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი უკვე თბილისშია და ის საქართველოში ოქტომბრამდე დარჩება.

მადრიგალ-ბორლოზი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, დისკრიმინაციის შესაძლო შემთხვევებს შეისწავლის. მისი მიზანია, დაადგინოს, რამდენად დაცულია ლგბტ​ თემი საქართველოში.

„ვიზიტი იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, შეფასდეს ადამიანის უფლებათა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია, რომელთა მიზანია ძალადობის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრასნგენდერი (ლგბტ) პირების მიმართ ქვეყანაში“, განაცხადა მადრიგალ ბორლოზმა.

ექსპერტი თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმსაც ესტუმრება. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან.

ვიზიტის ბოლოს დამოუკიდებელი ექსპერტი საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს.