საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის აღსანიშნავი გამოფენა გაიმართება
საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის აღსანიშნავი გამოფენა გაიმართება

ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის აღსანიშნავი გამოფენა გაიმართება. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ექსპოზიცია სახელწოდებით „ოქროდ ქცეული სიბრძნე” ჯანაშიას სახელობის მუზეუმში 6 დეკემბერს გაიხსნება.

გამოფენაზე დამთვალიერებელი პირველად იხილავს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი შედევრის – თრიალეთში აღმოჩენილი ძვ. წ. II ათასწლეულის ოქროს პოლიქრომიული თასის ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს: უძველესი ტექნოლოგიების აღდგენის საფუძველზე დამზადებულ როგორც საოქრომჭედლო იარაღების, ასევე თავად თასის ზუსტ ასლსა და ფილმს, რომელშიც დეტალურადაა ნაჩვენები თასის რეკონსტრუქციის პროცესი.

უძველეს არქეოლოგიურ არტეფაქტებთან ერთად ექსპოზიციაზე პირველად იქნება წარმოდგენილი გვიან ანტიკური ხანის (ახ. წ. II-IV საუკუნეების) ოქროს სამკაული, ეთნოგრაფიულ კოლექციაში დაცული საოქრომჭედლო იარაღები და ძვირფასი ლითონების ნაკეთობები.

გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე” დამთვალიერებელს სთავაზობს შესაძლებლობას, ვიზუალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, გაეცნოს თრიალეთის ოქროს თასის დეტალებს. თავად თასის ორიგინალის ნახვა შესაძლებელია „არქეოლოგიური საგანძურის” მუდმივმოქმედ გამოფენაზე.

გამოფენაზე წარმოდგენიალია სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებლისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები.