საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა იწყება
საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა იწყება

საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა დღეიდან დაიწყება. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, კვლევა თბილისის მასშტაბით ტარდება და მოიცავს პაციენტებს, რომლებმაც კორონავირუსი ბოლო ორი თვის განმავლობაში გადაიტანეს.

„დღეს ჩვენთან იწყება ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა. ეს ერთ-ერთი სერიოზული მოვლენაა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის საქმიანობაში, პოსტკოვიდური სინდრომით ავადმყოფების კვლევა. ეს კვლევა არ არის ქვეყნის მასშტაბით, ეს არის თბილისის მასშტაბით კვლევა და შეეხება 400 პიროვნებას. ეს სინდრომი არის მდგომარეობა, როცა კოვიდგადატანილ ავადმყოფს ან დაავადების ჩამთავრებისთანავე ან ერთი-ორი თვის შემდეგ უვითარდება გარკვეული ჩივილები და სიპტომოკომპლექსი, დაწყებული ძალიან მსუბუქიდან, მაგალითად სისუსტიდან ან დაღლილობიდან, დამთავრებული სერიოზულით, როგორიც არის დეპრესია ან გულის ჩივილები, მეხსიერების დაქვეითება, ცნობიერების შეცვლა, დემენცია, შფოთი და ბევრი სხვა. ეს მსოფლიოს აწუხებს, მათ შორის საქართველოს, რადგან ბევრს უვითარდება ეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, პაციენტების შერჩევა მოხდება შემთხვევითი პრინციპით.

„ეს არის ყველაზე ზუსტი მეთოდი სამეცნიერო კვლევების დროს, ყველაზე სანდოა ასეთი კვლევით მიღებული შედეგები. ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის კოვიდგადატანილი პაციენტების ზუსტი სია თბილისში. ამ სიას ამუშავებს სპეციალური პროგრამა და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოყრის ცალკეულ სახელებსა და გვარებს. დაუკავშირდებიან ჩვენი ოპერატორები და იწვევენ მათ კვლევისთვის. მათ ჩაუტარდებათ კვლევა, შემუშავებულია პროტოკოლი. ჩაუტარდებათ ყველანაირი ინსტრუმენტული გამოკვლევები“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, კვლევის მიზანია, დაადგინონ პოსტკოვიდური სინდრომის სიხშირე კოვიდგადატანილ პაციენტებში. ინსტრუმენტული გამოკვლევების პარალელურად, შემუშავდება სახელმწიფო პროგრამა მსგავსი პაციენტებისთვის.

„ამ კვლევაში ჩართულ პაციენტებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდებათ ყველანაირი გამოკვლევა, რათა გაირკვეს თუ რა გენეზის არის მათი პოსტკოვიდური სინდრომი. გაირკვევა სტატისტიკური მონაცემები, რამდენ პროცენტს უვითარდება ეს სინდრომი. ამის პარალელურად, შემუშავდება სახელმწიფო პროგრამა, სადაც ამ კვლევის შედეგების მიხედვით გაიწერება ალგორითმი, თითოეულ პოსტოვიდიან ავადმყოფს რა სერვისი უნდა მიეწოდოს. კვლევის მონაწილეებს ახლა მკურნალობა არ ჩაუტარდებათ, მხოლოდ დიაგნოსტიკა, ხოლო შედეგების შემდეგ იქნება მკურნალობაც და დიაგნოსტიკა, თუ მას მკურნალობა სჭირდება. ბევრს არ სჭირდება, ბევრის სინდრომი ისეთია, რომ ის თავისით გაივლის, მაგრამ ვიღაცას სჭირდება. კვლევა იქნება უფასო და პროგრამა შემდეგ უფასო იქნება თუ ფასიანი, გააჩნია, რა ციფრებზე გავალთ, რა საჭიროება იქნება. არის ვარაუდი, რომ ეს შეიძლება, იყოს რაღაც კატეგორიისთვის უფასო, რაღაც კატეგორიისთვის ფასიანი“, – დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.