საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის აცრა მოხდება.

კორონავირუსის ვაქცინით პირველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე 09:00 საათზე ღია ეთერში აიცრება. ასევე, კორონავირუსზე ერთ-ერთი პირველები აიცრებიან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე, ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია და ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პირველი მედიკოსი, ლუგარის ცენტრის თანამშრომელი თამარ გიორგაძე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დღეს ვაქცინაცია დაიწყება როგორც თბილისში, ისე ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში, ხოლო 17 მარტიდან პრაქტიკულად ყველა რაიონში. მისივე განმარტებით, ჯამში ვაქცინაცია 89 რაიონში განხორციელდება.

ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, ელექტრონულ პორტალზე BOOKING.MOH.GOV.GE უკვე რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 2 067 მუშაკი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

„თუ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირი დამსაქმებელს რეგისტრირებული ჰყავს დასაქმებულად სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში და მას ბოლო 120 დღის მანძილზე არ უფიქსირდება კორონავირუსზე ინფიცირების სტატუსი, მას შეუძლია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ „კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი გაიშლება ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება მაქსიმალური, რათა შემოსული 43 200 დოზის ადმინისტრირება მოხდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში.

„ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად, ანუ მეორე აცრა, რევაქცინაცია იქნება რვიდან 12 კვირის ფარგლებში. ამისთვის შესაბამისი დადასტურებაა უკვე, რომ 86 000 დოზა შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, იგივე „ასტრაზენეკა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ცნობით, აცრილ ადამიანთა რაოდენობა ყოველდღიურად გამოქვეყნდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, თითოეულ აცრილ ადამიანს მიეცემა ორენოვანი დამადასტურებელი ცნობა.

ამასთან, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველო 22 მარტის კვირაში ასევე მიიღებს 14 500 ადამიანის ვაქცინაციისთვის საჭირო „ფაიზერის“ ვაქცინის დოზებს, რომელიც ორჯერადი აცრისთვის იქნება საკმარისი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, კერძოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა საქართველომ 13 მარტს მიიღო, რომელიც თბილისსა და რეგიონებში შესაბამის სამედიცინო ცენტრებში გადანაწილდა.