საქართველოში კომენდანტის საათი ძალაში რჩება
საქართველოში კომენდანტის საათი ძალაში რჩება

რამდენიმე შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, საქართველოში კომენდანტის საათი ძალაში რჩება. მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე როგორც ავტომობილით, ისე ფეხით, ქუჩაში გადაადგილება ეკრძალებათ.

საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე, მათ შორის, ტაქსის მომსახურებაზე შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა. ასევე, მოიხსნა შეზღუდვები ონლაინვაჭობაზე. დასაშვებია მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

რაც შეეხება ჩაკეტილ ქალაქებს, 27-28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

შეზღუდვების შემსუბუქება არ ეხება იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებს, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა გადაიხედოს.