საქართველოში კინოგადაღებებით ჰოლივუდი დაინტერესდა
საქართველოში კინოგადაღებებით ჰოლივუდი დაინტერესდა

პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ ჰოლივუდური კომპანიების მენეჯერები დაინტერესდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ჰოლივუდური კინომწარმოებელი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებმა და სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოში კინოგადაღების პოტიანციალი და შესაძლებლობები განიხილეს.

ლოს-ანჯელესში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრები ისეთ კომპანიებთან შედგა, როგორებიცაა: Disney Studios, ABC Studios, Cable Networks, Marvel Studios, Lucasfilm, Paramount pictures, HBO და Universal pictures.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტოს დირექტორმა და პროგრამის წარმომადგენლებმა კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრეს და განიხილეს ყველა ის სამუშაო დეტალი, რომელიც გადაღებებს თან ახლავს, რამაც ამერიკული მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.

ამასთან, თითოეული კომპანიის ხელმძღვანელისთვის ძალიან მომხიბლავი ფაქტი იყო, რომ სახელმწიფოს აქვს ე.წ Cash Rebate პროგრამა, რომელიც საქართველოში დახარჯული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე დაბრუნებას ითვალისწინებს, დაბალი გადასახადები, მოქნილი და სწრაფი პროცედურები და რაც მთავარია, მრავალფეროვანი, ოთხი სეზონის ადგილმდებარეობები.