საქართველოში ხვალიდან სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა იკრძალება
საქართველოში ხვალიდან სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა იკრძალება

საქართველოში ხვალ, დილის 08:00 საათიდან სამზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, თუმცა აქ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის დისტანცია.

„იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი, ცალკე პროტოკოლები ექნებათ, რომელიც შეთანხმებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული და, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება“ ,- განაცხადა გახარიამ.