საქართველოში კერძო ნებაყოფლობით საპენსიო სქემებში 22 000 ადამიანია ჩართული
საქართველოში კერძო, ნებაყოფლობითი საპენსიო სქემებით 21 924 ადამიანი სარგებლობს. ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ, 2018 წლის მონაცემებშია აღნიშნული.
საპენსიო სქემების დამფუძნებლებად სულ სამი კომპანია ფიქსირდება – „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ალდაგი“ და „საქაერონავიგაცია“. მონაცემების თანახმად, გასულ წელს საპენსიო სქემის საინვესტიციო შემოსავალმა 2,472,167 ლარი შეადგინა, საპენსიო რეზერვები კი 27,604,907 მილიონი ლარი იყო.
როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი განმარტავს, კერძო საპენსიო სქემები მრავალი წელია, მოქმედებს, თუმცა ბოლო პერიოდში მათში ჩართული ადამიანების რაოდენობა მცირდება.
ხეჩინაშვილის განმარტებით, მსგავსი სქემების განვითარებისთვის ფისკალური სტიმულების შექმნა აუცილებელია, რათა ქვეყანა ე.წ. სამსვეტიან მოდელზე გადავიდეს – პირველი სვეტი სახელმწიფო პენსიაა, მეორე სავალდებულო დაგროვებითი სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა, მესამე სვეტი კი კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო სქემების განვითარებაა.
კერძო სქემების მონაწილეს, სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სისტემისგან განსხვავებით, შეუძლია, ნებისმიერ დროს დატოვოს სქემა და აიღოს საკუთარ ანგარიშზე არსებული ფული. სავალდებულო სისტემის უპირატესობა კი მასში სახელმწიფოსა და დამსაქმებლის შენატანია.