საქართველოში კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს
საქართველოში კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს

მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, დაამუშაოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ სანქციების დაწესებას შეეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ეფექტურად ახერხებს კორონავირუსის შეკავებას.

„საქართველო ეფექტურად ახერხებს კორონავირუსის შეკავებას. ​​ვითარება, რომელიც ახლა არის, ეს ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის დამსახურება და შედეგია. ჩვენ, თითოეული მოქალაქე, უნდა გავუფრთხილდეთ ამ ვითარებას.

მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას – იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები. აუცილებელია, იმ შემთხვევების გათვალისწინება, როდესაც პოლიციამ რეაგირება მოახდინა და წარმატებით შეძლო მათი მართვა. თითოეული ასეთ შემთხვევა წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ პარლამენტის მხრიდან არსებობს მზადყოფნა და მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მამუკა მდინარაძეს, თქვენთან ერთად დაამუშაოს ცვლილებები, რომელიც არის საჭირო. ჩვენ გვჭირდება მკაცრი გონივრული პასუხი ყველა რისკზე, რომელმაც შესაძლოა ინფექცია გამოიწვიოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.