საქართველოში ირანის ელჩი - ირანის ისლამური რესპუბლიკა მედგრად გააგრძელებს თავის დაცვას, ჩვენი შეიარაღებული ძალებიც ამაყად გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას
საქართველოში ირანის ელჩი - ირანის ისლამური რესპუბლიკა მედგრად გააგრძელებს თავის დაცვას, ჩვენი შეიარაღებული ძალებიც ამაყად გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას

ირანის ისლამური რესპუბლიკა, გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის თანახმად, სიონისტური რეჟიმის შეიარაღებული და აგრესიული თავდასხმებისგან დაცვას ლეგიტიმურ უფლებად მიიჩნევს და ამ უფლების გამოყენებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე გაერო-ს უშიშროების საბჭო პრაქტიკულ ზომებს არ მიიღებს აგრესიის შესაჩერებლად, აგრესორის დასაგმობად და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მაჰმუდ ადიბმა განაცხადა.

ირანის ელჩმა დღეს ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, ანუ ქვეყანაში, რომელმაც კარგად იცის სუვერენიტეტისა და მშვიდობის ფასი, ჩვენს მეგობრებს გავუზიაროთ ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია და ხედვები რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ყველანი თვალყურს ადევნებთ ახალ ამბებს და მოგეხსენებათ, რომ იმ დროს, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა ჩართული იყო მოლაპარაკებებში და ემზადებოდა ამერიკასთან არაპირდაპირი მოლაპარაკების მეექვსე რაუნდისთვის, 2025 წლის 13 ივნისს, დილის საათებში ისრაელის სიონისტურმა რეჟიმმა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაიწყო შეიარაღებული თავდასხმები, რაც ირანზე აშკარა აგრესიას წარმოადგენს.

სამწუხაროდ, სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელდა პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმები საცხოვრებელ ობიექტებზე. ასეთი ქმედების შედეგად, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში დაიღუპა და დაშავდა უამრავი ადამიანი, ქალები, ბავშვები და ბირთვულ სფეროში მოღვაწე მეცნიერები. ამასთან, საკუთარ სახლებში მოკლულ იქნენ სამხედრო მეთაურები. თავდასხმა განხორციელდა ასევე ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე, მათ შორის ნათანზის ცენტრზე. ასეთი ქმედება წარმოადგენს ყველა საერთაშორისო ნორმისა და წესის აშკარა დარღვევას.

ისრაელის რეჟიმი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში არ სცნობს არანაირ ზღვარს. თქვენ ყველამ ნახეთ, რა მოხდა ღაზის სექტორში, სადაც, უდანაშაულო პალესტინელების განადგურების გარდა, ფეხქვეშ იქნა გათელილი ადამიანის უფლებები, ჰუმანიტარული ნორმები, საერთაშორისო სამართალი და ყველა საერთაშორისო სტანდარტი.

ამჯერად, სიონისტურმა რეჟიმმა ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით საერთაშორისო სამართლის ახალი წითელი ხაზი გადაკვეთა. სიონისტური რეჟიმის ქმედება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის, მათ შორის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის აშკარა დარღვევას წარმოადგენს, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას. ირანის ისლამური რესპუბლიკა, გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის თანახმად, სიონისტური რეჟიმის შეიარაღებული და აგრესიული თავდასხმებისგან დაცვას ლეგიტიმურ უფლებად მიიჩნევს და ამ უფლების გამოყენებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე გაერო-ს უშიშროების საბჭო პრაქტიკულ ზომებს არ მიიღებს აგრესიის შესაჩერებლად, აგრესორის დასაგმობად და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ირანის ელჩმა.

მან ასევე ისაუბრა ირანის რამდენიმე მოქალაქის შესახებ, რომლებიც ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპნენ. ელჩის თქმით,  საერთაშორისო სამართლის ხელყოფა ჩრდილს აყენებს უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებას.

„მინდა, მოგიყვეთ რამდენიმე შემთხვევის შესახებ, თუ როგორ ემსხვერპლნენ ამ სასტიკ აგრესიებს ჩემი ქვეყნის მოქალქეები.

ეჰსან ეშრაყი იყო ბანკის ჩვეულებრივი თანამშრომელი და მოსიყვარულე მამა, რომელიც ყოველ დილით სამსახურში წასვლისას თავის გოგონას შუბლზე კოცნიდა. თეირანის საცხოვრებელი უბნების წინააღმდეგ სიონისტური რეჟიმის სასტიკი და დაუნდობელი აგრესიის დროს რაკეტამ მათ სიცოცხლე მოუსწრაფა. ეჰსანსა და მის ქალიშვილს არც ატომური ბომბები ჰქონდათ და არც ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. ისინი უბრალოდ მამა-შვილი იყვნენ, რომელთა დანაშაულიც სიცოცხლე იყო, მაგრამ მამა-შვილის სუნთქვაც კი აუტანელი იყო იმ რეჟიმისთვის, რომელსაც ბავშვების ეშინია და ბავშვების მკვლელობას ერთგვარ გართობად მიიჩნევს. ახლა მათი საფლავის ქვები გვერდიგვერდ დგას.

მოჰამად მეჰდი ამინი მხოლოდ ბავშვი იყო. ბედნიერი და ენერგიული ბავშვი, რომელსაც უყვარდა ტაეკვანდო და ერთ დღეს ტატამზე უნდა დამდგარიყო, ახლა ის მშვიდად განისვენებს. მოჰამად მეჰდი ამინის მამა, რომელსაც შვილი ყოველთვის სპორტდარბაზში მიჰყავდა, უკანსაკნელ გზაზე მასთან ერთად დაიღუპა.

მაჯიდ თეჯენ ჯარი – ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა. მაჯიდი იყო ხელოვნური ინტელექტისა და პროგრამირების დარგის გამორჩეული სპეციალისტი. მას ტექნოლოგიების პოპულარიზაცია სურდა, მაგრამ ის ემსხვერპლა სიონისტთა იმ ცრუ განცხადებას, რომლის თანახმად, ისინი „არ ებრძვიან ირანელ ხალხს“.

ეს მხოლოდ რამდენიმე სამწუხარო შემთხვევაა, რაც გამოიწვია სიონისტური რეჟიმის სასტიკმა აგრესიამ. ეს ისტორიები იმ მწარე სინამდვილის შეხსენებაა, რომ საერთაშორისო სამართლის ხელყოფა, მისი მასშტაბების მიუხედავად, ჩრდილს აყენებს უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებას“, – განაცხადა ირანის ელჩმა.

მისი თქმით, ისრაელის არგუმენტაცია სამართლებრივად დაუსაბუთებელია და მისი ქმედება ძალის გამოყენების აკრძალვის პრინციპის დარღვევაა.

„ისრაელის ხაზგასმა „წინასწარი თავდაცვის“ უფლებაზე სამართლებრივად დაუსაბუთებელია და მისი გამეორება საფრთხეს უქმნის ქარტიის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს, ძალის გამოყენების აკრძალვას. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 3314-ე რეზოლუციის თანახმად, ძალის პრევენციული გამოყენება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არ მომხდარა შეიარაღებული თავდასხმა, აგრესიის აკრძალვის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

ამ შემთხვევაში არ არსებობდა ამის აუცილებლობა. ირანს არ დაუწყია კონფლიქტი, არ არსებობდა რაიმე საფრთხე ძალის გამოყენებისათვის და ასევე, არ არსებობდა სანდო და დასაბუთებული ინფორმაცია ირანის მხრიდან გარდაუვალი თავდასხმის შესახებ. ის, რაც მოხდა, იყო არა წინასწარი თავდაცვა, არამედ აშკარა აგრესია.

ძალის გამოუყენებლობის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის გარდა, აკრძალულია ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტი ზიანის მიყენება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, გარემოსთვის და, ზოგადად, სიცოცხლისთვის. ასეთი თავდასხმა საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევა და ომის დანაშაულია. ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის აკრძალვა ხაზგასმულია ჟენევის ოთხი კონვენციის პირველი პროტოკოლის 56-ე მუხლში, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმებებში, 1980 წლის ბირთვული ობიექტების ფიზიკური დაცვის შესახებ კონვენციაში, ამ კონვენციის 2005 წლის შესწორებაში და ასევე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის არაერთ რეზოლუციაში. ამგვარად, ისრაელის რეჟიმმა ჩაიდინა ორმაგი საერთაშორისო დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და მოხდეს მისი დასჯა.

ამ აშკარა აგრესიებზე ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, თავდაცვის მიზნით, მიიღო საპასუხო ზომები. ჩვენი პასუხი ეფუძნება თავდაცვის პრინციპს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთი აღიარებული პრინციპია და წარმოადგენს ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ უფლებას, წინ აღუდგეს ნებისმიერ აგრესიას. თავდაცვა – ეს არის ქმედება, რომელიც დაიწყეს ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ღამის წინ და გააგრძელებენ მას. პალესტინის ოკუპირებულ  ტერიტორიებზე არსებულ სამხედრო და ეკონომიკურ სამიზნეებზე ჩვენი სარაკეტო თავდასხმების მიზანი მხოლოდ თავდაცვა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაა“, – აღნიშნა ირანის ელჩმა.

მისივე თქმით, პირველ ღამეს ირანმა მხოლოდ ისრაელის სამხედრო ობიექტებზე განახორციელა თავდასხმა.

„მაგრამ მას შემდეგ, რაც ისრაელის რეჟიმმა დაბომბა სამოქალაქო და ეკონომიკური ობიექტები და თავს დაესხა ირანის ზოგიერთ რეგიონში არსებულ ნავთობობიექტებს, ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედეთ. სპარსეთის ყურეში ირანის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმა აშკარა აგრესია და ძალიან საშიში აქტია. კონფლიქტის გადატანა სპარსეთის ყურის რეგიონში დიდი სტრატეგიული შეცდომაა, რომელიც, სავარაუდოდ, განზრახ იქნა გაკეთებული იმისათვის, რომ ომი ირანის ტერიტორიის მიღმაც გავრცელდეს. სპარსეთის ყურე საკმაოდ მგრძნობიარე და რთული რეგიონია და ნებისმიერმა სამხედრო მოქმედებამ, შესაძლოა, ვითარების ესკალაცია გამოიწვიოს როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში.

ირანის ისლამური რესპუბლიკა მედგრად გააგრძელებს საკუთარი თავის დაცვას და ჩვენი შეიარაღებული ძალებიც ამაყად გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას. ირანს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი აგრესიისგან. ეს არის უფლება, რომელიც გამყარებულია გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლით და მასზე არ მოქმედებს პოლიტიკური ზეწოლები ან აგრესორის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერები.

ბევრმა ქვეყანამ, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებმა, დაგმო სიონისტური რეჟიმის აგრესია ირანის ისლამური რესპუბლიკის, განსაკუთრებით კი ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ. თუმცა, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის დამცველად ასაღებს თავს, აშკარა აგრესიის დაგმობის ნაცვლად, აკრიტიკებს ირანის თავდაცვის უფლებას. ზოგიერთი ევროპული და დასავლური ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სინდისი, თვალთმაქცურად ცდილობს, ადგილები შეუცვალოს „მკვლელსა“ და „მსხვერპლს“, „მჩაგვრელსა“ და „ჩაგრულს“, „აგრესორსა“ და „აგრესიის მსხვერპლს“. ისინი, თვალთმაქცობითა და ანგარებით, ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ამ ქვეყნებს თავშეკავება მაშინ ახსენდებათ, როდესაც აგრესიის მსხვერპლი ლეგიტიმურად ცდილობს თავის დაცვას. თავშეკავებისკენ მოწოდებას იმ ქვეყნის მიმართ, რომლის ხალხი და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშაა, არანაირი ლოგიკური ან მორალური გამართლება არ მოეძებნება. აგრესორზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა. ჩვენ მოველით, რომ ყველა ქვეყანა, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე, დაიცავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

მოვუწოდებთ გაერო-ს გენერალურ მდივანს, უშიშროების საბჭოს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და გაერო-ს ყველა წევრ სახელმწიფოს, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებისა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების გათვალისწინებით, დაგმონ ისრაელის რეჟიმის აგრესია ირანის წინააღმდეგ. თუ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები ვერ შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, ცალსახად იმსახურებენ ირანის პროტესტსა და რისხვას.

დასასრულს, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ირანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამოიყენოს თავდაცვის ლეგიტიმური უფლება და სამხედრო ზომები მიიღოს ისრაელის რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს ირანელი ხალხი ყველაზე მეტად არის ერთიანი და კონსოლიდირებული უცხოური აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. როგორც გუშინ ისლამური რევოლუციის უზენაესმა ლიდერმა განაცხადა: „ირანელი ერი წინ აღუდგება თავს მოხვეულ ომს, ისევე როგორც მტკიცედ დადგება თავს მოხვეული მშვიდობის წინააღმდეგ და არავის დანებდება“.

იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოებრიობა, მათ შორის ჩვენი ქართველი მეგობრები სათანადო ყურადღებას მიაქცევენ ამ საკითხს და ექნებათ შესაბამისი რეაგირება სიონისტური რეჟიმის დანაშაულებსა და აგრესიაზე, რომლითაც დარღვეული იქნა საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი და საფუძველი. ეს არის საუკეთესო გზა რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად. ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის ხაზს უსვამდა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. ეს არის პრინციპი, რომელსაც აფასებენ საქართველოშიც. გვჯერა, რომ თანამშრომლობითა და კანონის დაცვით შევძლებთ ყველასთვის უსაფრთხო მომავლის მოპოვებას.

დაბოლოს: ირანელი ხალხი ისევე როგორც კარგად დაიმახსოვრებს აგრესორებს, არ დაივიწყებს აგრესორთა მხარდამჭერებსა და აგრესიის გამამართლებლებს. ამიტომ ვთხოვ ქართულ მედიას და პოლიტიკურ პარტიებს, კარგად დაიმახსოვრონ ეს ისტორიული მომენტები“, – განაცხადა ირანის ელჩმა.