საქართველოში ინტერპოლის ბიუროს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს ქონებრივი დეკლარაციის შევსება აღარ მოუწევთ
საქართველოში ინტერპოლის ბიუროს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს ქონებრივი დეკლარაციის შევსება აღარ მოუწევთ

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება აღარ მოუწევთ.

საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვით ცვლილებები შევიდა იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ რეესტრში, რომელთათვისაც თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება სავალდებულოა.

დადგენილების მუხლიდან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ თანამდებობის პირებს შეეხება, ის ქვეპუნქტი იქნა ამოღებული, რომელიც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებას საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელს და მის მოადგილეს ავალდებულებდა.

ამასთან, დეკლარაციის შემსვებ პირთა სიაში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ნაცვლად, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ჩაიწერება. ასევე, იცვლება ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის შესახებ ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით – სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.