საქართველოში იტალიური გრანდის, მილანის „ინტერის“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნება, – ამის შესახებ „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის დირექტორმა დავით კერესელიძემ განაცხადა. ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა და ვიდეორგოლიც გაავრცელა.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში „ინტერს“ 19 საფეხბურთო აკადემია ჰქონდა. თბილისში კი იტალიური გრანდის მე-20 საფეხბურთო აკადემია დაფუძნდა. დავით კერესელიძემ ასევე განაცხადა, რომ 24 ოქტომბერს „ინტერი“-„იუვენტუსის“ თამაშის დროს „სან-სიროს“ სტადიონზე გამოეფინება ბანერი, სადაც დადასტურდება „ინტერის“ საქართველოსთან თანამშრომლობა.
„ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის სპორტული კლუბი დიღომში მდებარეობს – იმ ტერიტორიაზე, სადაც ადრე კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკი“ იყო. „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტმა აკადემია შეისყიდა და აიღო ვალდებულება, რომ პროფილი შეენარჩუნებინა. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტმა ქუთაისის „ტორპედო“ შეისყიდა.