საქართველოში ინტენსიური, ხუთდღიანი კურსი „ლიდერობა მშვიდობისთვის“ გაიმართა
საქართველოში ინტენსიური, ხუთდღიანი კურსი „ლიდერობა მშვიდობისთვის“ გაიმართა

ფონდის „ევროპული მომავლისთვის“ და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოში ინტენსიური, ხუთდღიანი კურსი „ლიდერობა მშვიდობისთვის“ გაიმართა. კურსის ფარგლებში 20-ზე მეტი მონაწილე საჯარო სექტორიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან კონფლიქტების ანალიზს, მათი მოგვარებისა და მართვის გზებს გაეცნენ.

სემინარი ფონდის „ევროპული მომავლისთვის“ და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის ერთობლივი ინიციატივაა. მასში ჩართული იყო საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრიკ ფრანცენ​იც, რომელმაც დღეს მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იყო. ვულოცავ ყველა მონაწილეს, ასევე ფონდს „ევროპული მომავლისთვის“ და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრს ამ პროგრამის განხორციელებას. შვეიცარია დიალოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფასილიტატორი და მშვიდობის მიუკერძოებელი მხარდამჭერია და კურსიც სწორედ ამას ეძღვნებოდა – ლიდერები მშვიდობისთვის, მათთვის იმის სწავლას, როგორ მიაღწიონ სამშვიდობო პროცესს, როგორ გაანალიზონ კონფლიქტური სიტუაცია, როგორ გარდაქმნან კონფლიქტი, როგორ გაუმკლავდნენ კონფლიქტის უხეშ შედეგებს და როგორ ააშენონ მშვიდობა საზოგადოებებიდან. იმიტომ რომ, მშვიდობას საფუძველი ეყრება და ზრდას იწყებს საზოგადოებებიდან და საზოგადოება უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ მშვიდობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე გაყოფა“,- განაცხადა საქართველოში შვეიცარიის ელჩმა.

კურსის ერთ-ერთი მონაწილის, ვეკო დოდაშვილის განცხადებით, კურსი მოიცავდა კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ინსტრუმენტებს, როგორიც არის მედიაცია, სხვადასხვა უნარ-ჩვევები.

„ხუთდღიანი, მნიშვნელოვანი და ინტენსიური კურსის განმავლობაში, პირველ რიგში, რაც ვისწავლეთ და რაც გავაცნობიერეთ არის ის, რომ მთავარია ნდობის მოპოვება. ასევე კურსი მოიცავდა კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ინსტრუმენტებს, როგორიც არის მედიაცია, სხვადასხვა უნარ-ჩვევები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გარკვეულ ეტაპზე, ექვსი თვის შემდგომ ვაპირებთ გავიაროთ რა გამოძახილი, რა შედეგი მოგვცა ამ კურსმა, დიდი იმედი მაქვს, ამ შედეგს უფრო ცხადად დავინახავთ და გამოვადგებით რაღაც ეტაპზე ამ სპეციალიზაციით ამ ქვეყანასაც“,- განაცხადა ვეკო დოდაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, კურსის ერთ-ერთი სპიკერის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები საქართველოში ტარდება.

„ამ ეტაპზე, მართალია, ამ ღონისძიების დიდი ნაწილი ონლაინ იყო, მაგრამ ის, რომ ქართული ორგანიზაციების ჩართულობით ხდება, ეს მნიშვნელოვანია. ზოგადად, კონფლიქტის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური, მაღალკვალიფიციური კადრების ყოლა, ამიტომ ჩვენ მივესალმებით ასეთ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ცნობადობა, როგორ ხდება კონფლიქტის მენეჯმენტი და მისი სხვადასხვა ეტაპებზე განვითარება, მართვა. რაც უფრო ბევრი მაღალკვალიფიციური ადამიანი გვეყოლება ამ მხრივ, მით უკეთესია მომავალში, რომ ასეთი პროფესიონალები ბევრი გვყავდეს ამ სფეროში. აქვე მინდა ხაზი გავუსვა და მოხარული ვარ, რომ სწორედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და ახალგაზრდა თაობას აქვს ინტერესი ამ მიმართულებით“,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.