საქართველოში იმპორტი 4.7 პროცენტით შემცირდა
საქართველოში იმპორტი 4.7 პროცენტით შემცირდა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე), 2019 წლის იანვარ-მარტში, 2 807.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 826.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.3 მლნ. აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მარტში, 1 155.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.5 პროცენტით გაიზარდა და 553.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-მარტში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 135.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 16.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 99.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 95.6 მლნ. აშშ დოლარით (11.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარ-მარტში ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის იმპორტმა 150.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 131.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 120.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.1 პროცენტი).

დატოვე კომენტარი