საქართველოში იანვარში აივ ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში იანვარში აივ ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2019 წლის 28 იანვრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის შესაბამის პერიოდში 28 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი.

შიდსის ცენტრის ცნობით, საქართველოში 7453 აივ ინფიცირებულია რეგისტრირებული, მათ შორის 5578 მამაკაცი და 1875 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა. შიდსი 3969 პაციენტს განუვითარდა, 1523 გარდაიცვალა.

გასული წლის 31 დეკემბერს მონაცემებით, აივ მკურნალობას 4597 (4065 + 532 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს, მათ შორის 43 (33 + 10 აფხაზეთი) ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია: 39.9 პროცენტი (2968) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 57.6 პროცენტი (4 294) – სექსუალური კონტაქტის შედეგად, 1.4 პროცენტი (105) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 პროცენტი (36) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 პროცენტი (50) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2726 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 947 (აქედან ზუგდიდი – 630); შემდეგ იმერეთში 924 (ქუთაისი 451); აჭარაში 834 (ბათუმი – 533); აფხაზეთში (473); კახეთში (358) ქვემო ქართლში (385); შიდა ქართლში (279); გურიაში (157); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (107) და ა.შ.

შიდსის ცენტრის ცნობით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი აჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672.