საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა
საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიება გახსნა.

Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის მისია იქნება ევროკავშირსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.

7 დეკემბერს ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო-პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. ამ შეთანხმების საფუძველზე Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.

საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შეეძლებათ, უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმებს, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები, რაც მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ პროცესში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.

Horizon Europe-ის პროგრამაში საქართველოს ასოცირება ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის ქართველ მეცნიერებს, ინოვატორებს, უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა – დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკვე მოეწყო საგრანტო ოფისები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სოხუმის უნივერსიტეტში საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა. გარდა ამისა, განახლდა და გაძლიერდა Horizon Europe-ის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით. Horizon Europe-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის კონკურსების შესახებ, არამედ ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.

აღსანიშნავია, რომ Horizon Europe-ის პრიორიტეტს სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულების პროექტების დაფინანსება წარმოადგენს, რასაც ზუსტად ეხმიანება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის საკვლევი თემატიკა. შესაბამისად, ცენტრი საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

ადრონული თერაპიის ცენტრისთვის კი, ფონდმა „ქართუმ“ 40 მილიონამდე ევრო გამოყო. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთა დამზადება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, მეორე კი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. ადრონული თერაპიის ცენტრის ბაზაზე უცხოეთის კვლევითი დაწესებულებების ჩართულობით Horizon Europe-ის დაფინანსებული არაერთი პროექტი განხორციელდება.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი